ლევან დავითაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და რეინჯერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და რეინჯერებს შეხვდა.

„თბილისის ეროვნული პარკი 20 ათას ჰექტარზე მეტი, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიაა. სწორედ ეს ბიომრავალფეროვნება სძენს პარკს უნიკალურობას, მის დაცვას კი, 40-მდე რეინჯერი უზრუნველყოფს. თბილისის ეროვნული პარკი, ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2018-2019 წლებში, მე-4 ადგილზე იყო. ეროვნული პარკი თბილისის მოსახლეობის საყვარელი ადგილი. ახლა იწყება ზაფხულის სეზონი და ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებასთან სწორი ურთიერთობა. ჩვენ უნდა ვეწვიოთ ბუნების ულამაზეს ძეგლებს, უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი უნიკალური ქვეყანა და ამავდროულად, უნდა გავუფრთხილდეთ მას – ცეცხლი დავანთოთ ისეთ ადგილას, სადაც რეინჯერები მიგვითითებენ არ დავტოვოთ ნარჩენები. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თბილისის ეროვნულ პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, პარკის განვითარების პროექტს ახორციელებს. ამერიკის და მსოფლიო ეროვნული პარკების საუკეთესო მაგალითების მსგავსად, პროექტის ფარგლებში, ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ვიზიტორთა კოტეჯები, სალაშქრო ბილიკები, ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელი ზონა და სხვა. დაგეგმილია 300 კმ-მდე მარტივი და საშუალო სირთულის სალაშქრო ბილიკების მოწყობა თანმდევი ინფრასტრუქტურით.
თბილისი ეროვნულ პარკში კერძო ინვესტიციის განხორციელებაც იგეგმება. „საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტის“ (ppp) ფარგლებში ინვესტორი „საბადური ვილაჯე” თბილისის ეროვნული პარკის საბადურის ტყის მონაკვეთის განვითარებაში, დაახლოებით, 4 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
თბილისის ეროვნულ პარკში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ვალერიან მჭედლიშვილი იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად