ლევან დავითაშვილი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში სასათბურე კლასტერის შექმნა იგეგმება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში სასათბურე კლასტერის შექმნა იგეგმება – იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი აგროზონის შექმნის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში შპს “ჰერბიას” დათვალიერების დროს გააჟღერა.

წყალტუბოში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა “ჰერბიაში” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად იმერეთში სახელმწიფო-რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე იმყოფებოდნენ.

“იმერეთის აგროზონის” სასათბურე კლასტერის შექმნა მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ სასათბურე სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

,,წყალტუბოს განვითარება მისი აღორძინება, სანატორიუმებისა და აბაზანების სრული რეაბილიტაცია არის პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს მოუტანს წყალტუბოს, სოფლის მეურნეობის განვითარება, ადგილობრივი პროდუქციის წარმოება და მისი საერთაშორისო ბაზრებზე გატანა არის კიდევ ერთი გამოწვევა წყალტუბოსთვის ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია, შპს ,,ჰერბია” არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩაერთონ ფერმერები სახელმწიფო პროგრამებში და როგორ უნდა გააფართოონ წარმოება. ვფიქრობ, წყალტუბოში კიდევ ერთი კლასტერული მეურნეობის შექმნა მნიშველოვან როლს ითამაშებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე” განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
შპს “ჰერბიაში” სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობაში სხვადასხვა ჯიშის მწვანილები მოყავთ, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 3,000,000 ლარი შეადგინა, აქედან 592,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,050,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. სასათბურე მეურნეობაში წელიწადში დაახლოებით 1200 ტ მწვანილი მოჰყავთ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება, სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 150 ადამიანი.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 2 ახალი სასათბურე შეიქმნა და 34 გაფართოვდა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

დღესვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილი იმერეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა და სასათბურე კლასტერის პროექტი გააცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად