ლევან დავითაშვილი: საქართველოს აქვს პოტენციალი, გაზარდოს ექსპორტი ზეთისხილის წარმოებაში – უკვე ათას ჰექტრამდე პლანტაციებია გაშენებული სახელმწიფოს ხელშეწყობით

საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს საქართველოში მიმდინარე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას დაესწრო. 

როგორც მინისტრმა მედიასთან აღნიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია უმასპინძლოს თავმჯდომარის რანგში ზეთისხილის საერთაშორისოს წლიურ სესიას.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს და გააჩნია პოტენციალი, გაზარდოს საექსპორტო შესაძლებლობები ზეთისხილის კულტურის განვითარებასა და წარმოებაში.

“ზეთისხილის კულტურის განვითარება სრულად ჯდება ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია მეხილეობის კულტურების განვითარება და ამ კუთხით ზეთისხილი ნამდვილად მნიშვნელოვან, საინტერესო, პრიორიტეტულ კულტურას წარმოადგენს.

ზეთისხილს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი საქართველოში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ზეთისხილი არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი კუთხითაც, იმიტომ, რომ ზეთისხილის კულტივაცია ძირითადად ხდება ისეთ მშრალ ადგილებში, სადაც ჩვენ გაუდაბნოების რისკი გვაქვს და ნიადაგის ნაყოფიერებისთვის ზეთისხილს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ზოგადად, სასურსათო უსაფრთხოებაში ზეთისხილი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალში.

უკვე ათას ჰექტრამდე ზეთისხილის პლანტაციებია საქართველოში გაშენებული სახელმწიფოს თანადაფინანსებით და ხელშეწყობით. საბოლოოდ ჩვენი გეგმაა, რამდენიმე ათეული ათასი ჰექტარი დავფაროთ ზეთისხილის პლანტაციებით. ანუ, საქართველოში შევძლოთ ზეთისხილის მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოება, რაც საშუალება მოგვცემს, ზეთოვანი კულტურების იმპორტდამოკიდებულების შეცვლას. ჩვენ გვესმის, რომ საკმაოდ მზარდია ფასები ზეთოვან კულტურებზე და საქართველო ძირითადად იმპორტულ ზეთს მოიხმარს. ეს შეგვიძლია ჯანსაღი, უფრო სასარგებლო და პოპულარული ზეთისხილის ზეთით ჩავანაცვლოთ და ამავე დროს, გავზარდოთ საექსპორტო შესაძლებლობები, რაც საქართველოს ნამდვილად აქვს.

შესაბამისად, მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო ფორუმებში, როგორიც არის ზეთისხილის საერთაშორისო წლიური სესია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთი საერთაშორისო რანგის, მაღალი ღონისძიების მასპინძლობა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავუზიაროთ და გავიზიაროთ ის საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც ზეთისხილის სექტორში არსებობს.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო გახლავთ საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ფლობს ტექნიკურ ცოდნას ზეთისხილის კულტურაში და რადგან საქართველოსთვის ეს ახალი კულტურაა, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკურ დონეზე თანამშრომლობა ასეთ ორგანიზაციასთან, იმისთვის, რომ მდგრადი იყოს ჩვენი განვითარება, შემოვიტანოთ მეტი ჯიშები, გენოფონდი, გენოპლაზმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფრო კონკურენტუნარიანი იყოს სექტორი და მომავალში განვავითაროთ სხვადასხვა ისეთ არეში, რომელიც დღეისთვის ფაქტობრივად გამოუყენებელია.

გვესმის, რომ ფაქტობრივად უდაბნო ტერიტორიების ათვისებას ვახდენთ ზეთისხილის კულტურის მეშვეობით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს აქტიური კერძო სექტორი, ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ბატონი გიორგი სვანიძე. სხვა მეწარმეები და ფერმერები, რომლებიც ასევე დაინტერესებული არიან სექტორით და ჩვენ, სახელმწიფო კერძო სექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ, რომ კონკურენტუნარიანი დარგი განვავითაროთ. ეს არ ეხება მხოლოდ პირველად წარმოებას, ეს მოიცავს გადამუშავების ეტაპებს და ზეთისხილისგან, პირველ რიგში, ზეთის და სხვა დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტების წარმოებასაც.” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

შეგახსენებთ, თბილისში უკვე მეორე დღეა, 48 ქვეყნის წარმომადგენელი მსოფლიოში ზეთისხილის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობს. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას მასპინძლობს. ხვალ კი, ცერემონიების სასახლეში ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება.

კომენტარები
იტვირთება...