ლევან დავითაშვილი: ხარისხიან ყურძენს ექნება მეტი ფასი, ეს არის საბაზრო პრინციპებi

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“სექტემბერი აქტიური სეზონია სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით. რთველის მიმდინარეობის ინტენსიური ფაზა გვაქვს. შესაბამისად, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ ეს არის საკმაოდ დიდი კამპანია და ათასობით ფერმერია ამ ღონისძიებაში ჩართული, მიზანმიმართულად ჩავთვალეთ რთველის მიმდინარეობის შესახებ მოგაწოდოთ მოკლე ინფორმაციები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც, ჩვენ გვაქვს კლიმატურად საკმაოდ რთული წელი გვაქვს, ბევრი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ყურძნის ხარისხს და ამასთანავე გვაქვს საკმაოდ დიდი მომავალი, ეს არის მზარდი, შესაბამისად, იზრდება გამოწვევები სახელმწიფოსთვის და იზრდება გამოწვევები ჩვენი სამინისტროსთვის, იმისთვის რომ რთველი მაქსიმალურად ორგანიზებულად, შეფერხების გარეშე და ისეთივე წარმატებით ჩატარდეს, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში.

ამიტომ სახელმწიფომ, თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში, წელს გააკეთა გარკვეული ინტერვენციები, იმისთვის რომ ბაზარზე სიტუაცია დააბალანსოს, მევენახეების, ფერმერების ინტერესები იყოს დაცული და მათ ჩაბარების პრობლემა არ ჰქონდეთ. შესაბამისად, მივეცით უფლება სახელმწიფო კომპანია „აკურას“ პირდაპირი შესყიდვების განხორციელების. რომელიც, როგორც იცით, ჭარბ, დაზიანებულ ყურძენს იბარებს, რომელსაც, როგორც წესი, ხშირ შემთხვევებში, კერძო სექტორისთვის შეიძლება არ იყოს საინტერესო. ჩაბარების პრობლემა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ფერმერებს არ ექნებათ.

შესაბამისად, ვნებათაღელვა, რომელიც რთველის მიმდინარეობის პირველ დღეებში იყო, გადაივლის. რთველი ამ მომენტისთვის ინტენსიურ ფაზაშია. გადამუშავებულია 80 000 ტონაზე მეტი ყურძენი, აქედან ძირითადად 50 000 ტონაზე მეტი გადამუშავებულია რქაწითელი, 20 000 ტონაზე მეტი საფერავი და დანარჩენი სხვა ჯიშები. ფასებთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ. ძირითადი ფასი, ინდუსტრიულ რქაწითელზე, რომელიც არის ყველაზე მაღალი ხარისხის, არის 70 თეთრი. აქაც იყოს სპეკულაციები, რომ მევენახეებს არ ექნებოდათ თავიანთი ყურძნის დაბინავების საშუალება და ისინი წავიდოდნენ ზარალში. ეს ასე არ არის. მინიმალური ფასი არის 70 ფასი. მიკროზონების მიხედვით, ფასი თეთრ ყურძენზე არის 80 თეთრიდან ლარამდე. ეს ეხება ძირითადად კახურ მწვანეს. უფრო მეტია ქისის შემთხვევაში. ფასი საფერავზე არის 1,50 ლარი და ზემოთ. სტანდარტული საფერავის ფასი არის 1,50 ლარი. მუკუზნის მიკროზონაში ფასი არის 1,50 ლარიდან 2 ლარამდე. ხოლო 2 ლარიდან 2,5 ლარამდე არის ფასი ქინძმარაულის მიკროზონაში. ეს არის მოკლე ინფორმაცია, რომლის მოწოდებასაც ვგეგმავდით.

ასევე ჩართულია 100-ზე მეტი კომპანია, რომელიც დღეისათვის რთველის პროცესში იღებს მონაწილეობას და იბარებს ყურძენს. რა თქმა უნდა, კერძო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყურძენი იყოს ხარისხიანი, მაქსიმალურად იყოს კონდიციაში. თუმცა სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რთულმა კლიმატურმა პირობებმა, ზაფხულის პერიოდში გვალვებმა, რთველის მიმდინარეობისას წვიმებმა, რაც იშვიათი დამთხვევაა, გამოიწვია დიდი წნეხი, დიდი პრობლემები ხარისხთან დაკავშირებით და ამან გადამუშავების კუთხით, გარკვეული ჩამორჩენა გამოიწვია, შარშანდელ წელთან შედარებით.

შარშან ამ დროისთვის 100 000 ათასი ტონა იყო გადამუშავებული, რაც წელს 30 000 ტონით ნაკლებია. თუმცა მომავალ კვირას, პროგნოზის გათვალისწინებით, გვაქვს კარგი ამინდები და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ შარშანდელ მაჩვენებლებს დავეწევით. საბოლოო პროგნოზი არის დაახლოებით შარშანდელისმაგვარი. შარშან თქვენი იცით, რომ დაახლოებით 250 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა და წელსაც მოვახერხებთ ყურძნის წარმატებით დაბინავებას. გუშინაც გვქონდა კომპანიებთან მორიგი, სამუშაო შეხვედრა.

რეგულარულად ვხვდებით ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომ მაქსიმალური იყოს კოორდინაცია და ეს გამოწვევები კერძო სექტორთან ერთად დავძლიოთ. აღვნიშნეთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ და კერძო ბიზნესს, ღვინის კომპანიებსაც აქვთ როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მე მოვუწოდე კომპანიებს, ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში, მათ შტაბთან კოორდინირებულად იმუშაონ. უნდა აღინიშნოს, რომ ფერმერებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და აქ ყველა მონაწილეს გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს უნდა გავაცნობიეროთ. რადგან როდესაც გვინდა ჩაბარება, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანიც იყოს ადეკვატური. ამიტომ ხარისხიან ყურძენს ექნება მეტი ფასი, ეს არის საბაზრო პრინციპები და ჩვენს საბაზრო პრინციპების დარღვევას არ ვაპირებთ” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად