ლევან დავითაშვილი: გადაწყვეტილება, რაც დღეს მთავრობაზე მივიღეთ, უკავშირდება აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობისთვის

„ჩვენი სამინისტროსთვის აქტიური პერიოდია, რომელიც მოსავლის დაბინავებას უკავშირდება. რამდენიმე სეზონური მოსავლის პროდუქტის დაბინავება უკვე დასრულებულია. ახლა ინტენსიურად იწყება რთველი კახეთში. 3 200 ტონაზე მეტი ყურძენი უკვე გადამუშავებულია, ძირითადად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება მოიმატებს თუ ამინდი მოგვცემს ამის შესაძლებლობას. გადამუშავებულია ადრეული ყურძენი, ძირითადად, საშამპანურე ღვინის დასამზადებლად. დღე-დღეზე დაიწყება საფერავის რთველიც. გადაწყვეტილება, რაც დღეს მთავრობაზე მივიღეთ, უკავშირდება აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობისთვის. ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსი გადამმუშავებელი კომპანიებისთვის, რომელიც ვაშლის კონცენტრირებულ წვენს ამზადებენ და რომელიც საექსპორტო პროდუქტია. სუბსიდირებას ვახდენთ იმისათვის, რომ, უხვი მოსავლის პირობებში, ვაშლის ფასი ფერმერებისთვის მისაღები იყოს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კომპანიების მსყიდველობითი უნარი გაიზარდოს, რისთვისაც საბრუნავი საშუალების თანადაფინანსება ხორციელდება. 21 ნოემბრამდე ექნებათ კომპანიებს კრედიტის აღების შესაძლებლობა, რაც ნამდვილად გაზრდის კერძო სექტორიდან მოთხოვნას და მოგვცემს შესაძლებლობას ის უხვი მოსავალი, რომელიც წელს გვაქვს, წარმატებით დავაბინაოთ და ფერმერებს პრობლემა არ შეექმნათ. ძალიან მალე დავასრულებთ თხილის მოსავლის აღებას დასავლეთ საქართველოში. თხილის მოსავალს უკავშირდება ღონისძიება – „თხილობა 2020“, რომელიც კვირას, 6 სექტემბერს გაიმართება სამეგრელოში, ზუგდიდში. ეს არის ახალი ტრადიცია. გასულ წელს თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებთან გვქონდა შეხვედრა. თხილის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული ღონისძიება თურქეთში წლების განმავლობაში არსებობს; გადაწყდა, რომ ასეთი ღონისძიება ჩატარდეს საქართველოსა და აზერბაიჯანშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა წელს ძალიან კარგი მოსავალი მიიღეს, როგორც რაოდენობით, ისე ხარისხით. წლევანდელი წელი გამორჩეულია, რაც ძალიან დამაიმედებელი პროგნოზების საშუალებას გვაძლევს თხილის ექსპორტთან დაკავშირებით. თხილის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად