ლევან დავითაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და აშშ-თან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ბრუნვის გაზრდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის და საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად კახეთში, რთველის დაწყების პროცესს გაეცნო. დელეგაციების წევრები საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჰოლდინგის მოწვევით იმყოფებიან. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საუბარია საფრანგეთზე, რომელიც უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს აწესებს ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების მიმართ. კომპანიამ Bolero & Company გააფორმა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც საფრანგეთში წლის ბოლომდე რამდენიმე ათას ტონამდე სპირტის მიწოდებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე კი ღვინის ექსპორტის ზრდის საკითხები განვიხილეთ. რამდენიმე წელია ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ აშშ-თან ბაზარზე ცნობადობის შესაქმნელად. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს ამერიკის ბაზარი არის პირველ ათეულში, თუმცა ჩვენი ამბიცია და სურვილია, რომ ის იყოს ერთ-ერთი პირველი ბაზარი საექსპორტო ქვეყნებს შორის. ამერიკელებთან საუბარი გვქონდა საბრენდე სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების საქართველოდან ექსპორტზე;, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ჰოლდინგს Bolero & Company და ფრანგულ კომპანია „ტესსანდიე ეთ ფილს“ შორის გაფორმდა 25 წლიანი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი. თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი აშშ-ის უმსხვილეს ალკოჰოლურ კომპანიებთანაც, რომელიც ქართულ-ამერიკული ბრენდის შექმნას, ასევე აშშ-ის ბაზარზე ქართული პროდუქციის – ღვინის, ბრენდისა და სხვადასხვა დაძველების საბრენდე სპირტის რეალიზაციას ითვალისწინებს. აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში ტეხასის წარმომადგენელთა პალატის წევრები, ტეხასის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ტეხასის ალკოჰოლური სასმელების კომისიის წევრები, ტეხასის ეკონომიკური განვითარების კომისიის ვიცე-პრეზიდენტი და მეღვინეობის ინდუსტრიის წარმომადგენლები შედიან, ხოლო საფრანგეთის დელეგაციას ეროვნული ასამბლეის დეპუტატები წარმოადგენენ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის და საფრანგეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრები ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას და მეღვინეობის კუთხით დღეს არსებულ ვითარებას ეცნობიან. სტუმრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, შპს „ღვინის ლაბორატორიას“, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ- სადემონსტრაციო ბაზას და „წინანდლის ედემს“ სტუმრობდნენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...