ლევან დავითაშვილი: ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

კახეთში ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ფერმერებს შეხვდა, ატმის კრეფაში მიიღო მონაწილეობა და სამაცივრო მეურნეობაში პროდუქტის დაბინავების სამუშაო პროცესს გაეცნო.

„კორონავირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. სამაცივრო მეურნეობები, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა, არის უმნიშვნელოვანესი რგოლი იმისათვის, რომ ფერმერმა სტაბილურად და მაღალ ფასში მოახდინოს პროდუქციის რეალიზება. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს კრეფა, დასაქმებული არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები. ვფიქრობ, წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონია. პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს და ფასებიც მაღალია, ფერმერები კმაყოფილები არიან. ეს არის ჩვენი სისტემური მიდგომის შედეგი. საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობს, რომ იმპორტიორებს შემოსვლის პრობლემა არ ჰქონდეთ, ამავე დროს, ყველა შესაბამისი რგოლი ჩართულია, რომ პროცესები იყოს უსაფრთხო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, მეწარმე სოსო გიოშვილის სამაცივრო მეურნეობაში იმყოფებოდა. სოსო გიოშვილმა შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა (952,500 ლარი), გურჯაანის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამაცივრო მეურნეობა ააშენა და სასოფლო- სამეურნეო ტექნიკაც შეიძინა.
მინისტრმა და მხარის გუბერნატორმა, ფერმერის, მალხაზ ჯოხაძის ბაღში ატმის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, წლევანდელი მოსავლის როგორც დაბინავებით, ასევე ატმის ფასით, ფერმერები კმაყოფილები არიან.

ატმისა და ვაშლატამას (ნექტარინი) საექსპორტო მაჩვენებელი 6 ივლისის მდგომარეობით, 1,397 ტონას შეადგენს. ატმისა და ვაშლატამას წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 35 ათასი ტონაა. აღსანიშნავია, რომ დაბინავების პროცესში ჩართულია 20 სამაცივრო მეურნეობა. ატმის ჩაბარების ფასი 1,00 – 1,50 ლარია, ვაშლატამასი კი, 1,40 – 2,00 ლარი.
მინისტრთან და მხარის რწმუნებულთან ერთად, რეგიონში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კიაზო ახალაია და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად