ლექსო თამაზაშვილი,”ლეკი” და “სტარიჩოკას” საქმე – თელავის მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

ლექსო თამაზაშვილი-პარლამენტარი, დავით დემინაშვილი (იგივე "ლეკი" ) – ბიზნესმენი, სალომე მაისურაძე – მოკლული არჩილ მაისურაძის (იგივე "სტარიჩოკას") და და "უცნობი" ნაცნობი, რომლის ხელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი მოკლულის "აიპადი“ "აღმოჩნდა" – რა კავშირი აქვთ ამ ადამიანებს ერთმანეთთან? რატომ გახდა  შვიდი თვის წინ მომხდარი მკვლელობა რეზონანსული? რატომ ალაპარაკდა მოკლულის და შვიდი თვის შემდეგ და რატომ ვეღარ იხსენებს ვინ დაუბრუნა მას მთავარი მტკიცებულება – მოპარული "აიპადი"?

"აიპრესი"  თელავის გახმაურებული მკვლელობის აქამდე უთქმელ, დამალულ, გაუხმაურებელ ფაქტებს და იმ მიმოწერებს წარმოგიდგენთ, რომელიც აქამდე არსად გამოქვეყნებულა.
 
მკვლელობის დღე…
 
2014 წლის 14 ივნისს შსს თელავის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე არჩილ დალაქიშვილის (არჩილ მაისურაძე მეუღლის გვარზე იყო) განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
 
2014 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 23 საათსა და 45 წუთზე ქ. თელავში ერეკლე მეორის მოედანზე გამოძიებით დაუდგენელმა პიროვნებამ, რომელიც მოძრაობდა შავი ფერის მოტოციკლით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა გაჩერებულ ავტომანქანაში მჯდომ არჩილ მაისურაძეს. ამ უკანასკნელის მხრიდან თავდამსხმელის მიმართ განხორციელებული საპასუხო სროლის მიუხედავად დამნაშავე პირი იმავე მოტოციკლეტით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ქ.თელავში არსებული აბანოს ქუჩის გავლით, ხოლო არჩილ მაისურაძე მიღებული დაზიანებების შედეგად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქმის გამოძიების პროცესში დაიკითხა 50-ზე მეტი მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, ქიმიური ჰაბიდოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები. დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა და დაიკითხა გარდაცვლილი არჩილ მაისურაძის და სალომე მაისურაძე.
 
"სტარიჩოკას საქმე" – მუქარების ქვეშ გამოვლილი 14 წლიანი ისტორია…
 
არჩილ მაისურაძის, იგივე სტარიჩოკას მკვლელობის სავარაუდო ვერსიებიდან ყველაზე საფუძვლიანად  იმთავითვე მიჩნეული იყო ქურდული სამყაროს წევრების ან მათთან დაახლოვებული პირების მხრიდან არჩილ მაისურაძის მიმართ განხორციელებული ანგარიშსწორება. კერძოდ საქმე შეეხება იმ ფაქტს, რომ 2000 წელს არჩილ მაისურაძემ, ქ.თელავში, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჩაიდინა ე.წ. კანონიერი ქურდის "ვანცეტას" მკვლელობა, რის შემდეგაც ის მიიმალა საზღვარგარეთ და იძებნებოდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ წლების მანძილზე. ამ ვერსიის საფუძვლიანობაზე მიუთითებდა ის გარემოებაც, რომ როგორც მიმალვაში ყოფნის პერიოდში, ასევე მის შემდეგაც დამნაშავეთა სამყაროს მხრიდან არჩილ მაისურაძის მიმართ არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა და თავდასხმის მცდელობა მისი მოკვლის მიზნით, მათ შორის 2008 წელს ესპანეთში ყოფნის პერიოდში, სადაც ის მძიმედ დაიჭრა. ამ შემთხვევის შემდეგ მან ესპანეთი დატოვა და თელავში წამოვიდა.
 
სალომე მაისურაძის ვერსია და "აიპადის"  უცნაური ისტორია…
 
მოულოდნელად, მკვლელობიდან  7 თვის შემდეგ, ისე რომ მანამდე არც პოლიციისთვის და არც პროკურატურისთვის არანაირი პრეტენზიებით არ მიუმართავს, მოკლული არჩილ მაისურაძის და, სალომე მაისურაძე თავისი ძმის მკვლელობას პარლამენტარ ლექსო თამაზაშვილის და ბიზნესმენ დავით დემინაშვილის სახელს უკავშირებს. მისი განცხადებით, სამართალდამცავი უწყებები საქმეს განზრახ არ იძიებენ, რადგან კვალი თელავში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ბიზნესმენამდე მიდის. "მეორე დღიდანვე ყველა იმას ამბობდა, რომ ეს ყველაფერი მოხდა ლეკის ხელით. თელავში ყველამ იცის, რომ დემინაშვილი არის "ქართული ოცნების" დამფინანსებელი და მხარდამჭერი. სასტუმროების მფლობელი და მას ყველაფერი შეუძლია"…
 
ამის შესახებ სალომე მაისურაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა.
 
ამავე გადაცემის თანახმად,   მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ასევე ივნისის თვეში, თელავში, რესტორან "ჭადარში" ინციდენტი მოხდა, სადაც დავით დემინაშვილმა, იგივე ლეკმა იქ მყოფი პოლიციელის, მიხეილ უზუნაშვილის მიმართულებით ისროლა. სალომე მაისურაძის განცხადებით, რესტორანში გურჯაანის პროკურორი ლევან ღვედაშვილი და მერობის მაშინდელი კანდიდატი პლატონ კალმახელიძეც  იმყოფებოდა… პოლიციელმა ეს ამბავი არჩილ მაისურაძეს მოუყვა, რომელმაც, რატომღაც პოლიციელის მონაყოლი ჩაიწერა და  ლექსო თამაზაშვილს "პოლიციელი ბალღის" მფარველობა სთხოვა.
 
ლექსო თამაზაშვილის ამ საქმესთან კავშირის მთავარ არგუმენტად სალომე მაისურაძე თავისი ძმისა და თამაზაშვილის "ფეისბუქის" იმ მიმოწერებს ასახელებს, რომელიც მკვლელობამდე ერთი დღით ადრე განხორციელდა. მიმოწერებიდან ჩანს, რომ არჩილ მაისურაძე ლექსო თამაზაშვილს რაღაც ჩანაწერზე  ესაუბრებოდა, რომელიც თითქოს რესტორან "ჭადარში" მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, თუმცა ჩანაწერი არც ლექსო თამაზაშვილის მეილზე აღმოჩნდა და არც მოკლულის ფოსტაში.
 
სალომე  მაისურაძე კატეგორიულად უარყოფს ვერსიას თავის ძმაზე განხორციელებული ანგარიშსწორების შესახებ და არაფერს ამბობს მიმოწერების იმ ნაწილზე, სადაც არჩილ მაისურაძე მკვლელობამდე გაცილებით ადრე, 2012, 2013 წლებშიც წერდა ლექსო თამაზაშვილს, რომ  მუდმივად ემუქრებოდნენ და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იდგა.  არც 2008 წელს ახსენებს, როდესაც მისი ძმა ესპანეთში დაჭრეს… ეს მიმოწერები სწორედ იმ "აიპადში" ინახებოდა, რომლის მიტანასაც სალომე მაისურაძეს პოლიციაში დღემდე თხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
 
აიპადის უცნაური ისტორია…
 
"აიპრესმა" თელავში ყოფნისას სალომე მაისურაძის ჩაწერაც მოახერხა. მისთვის მხოლოდ რამდენიმე კითხვის დასმა მოვასწარით იმ მიზეზით, რომ ის სასწრაფო საქმეზე თბილისში "გარბოდა".
 
_ თქვენ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თქვენი ძმის კუთვნილი აიპადი მოიპარეს, საავადმყოფოდან გაქრა. შემდეგ როგორ აღმოჩნდა ეს აიპადი ისევ თქვენს ხელში? ვინ დაგიბრუნათ?
_ აი, მოიტანა სახლში ვიღაც ძალიან ახლობელმა, უცხო არ იყო, თორემ დავიმახსოვრებდი. იმას საიდან ჩაუვარდა ხელში ან ვინ მიუტანა, არ ვიცი, ვერ ვიხსენებ. ვინც მომიტანა, ვერც იმას ვიხსენებ სამწუხაროდ.
_ და საიდან იცით რომ მოიპარეს?
_ რა თქმა უნდა, მოიპარეს, აბა იმავე დღეს რატომ არ მოიტანეს და მეორე დღეს რატომ? ვის რად უნდოდა?
_ თქვენ აცხადებთ, რომ აიპადიდან წაშლილია რაღაცეები, თქვენ ვინმეს მიეცით აიპადი?
_ დიახ, მაგრამ ვერ აღვადგინეთ სამწუხაროდ.
_ ასევე აცხადებდით, რომ პოლიციას არ დაუკითხიხართ, არ ხართ დაზარალებულად დაკითხული?
_ არა, უბრალოდ უფლებამონაცვლედ ვიყავი ცნობილი და მკითხეს, მქონდა თუ არა ვინმეზე ეჭვი. თორემ სად ვიმყოფებოდი, ან რამე, არაფერი.
_ როგორც დაზარალებული, არ დაგკითხეს?
_  არა, როგორც დაზარალებული არა.
 
ამის შემდეგ, სალომე მაისურაძესთან დაკავშირების მცდელობები და მისთვის დამატებითი კითხვების დასმა უშედეგო აღმოჩნდა. არაერთი ზარის მიუხედავად, მან სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. "მე თვითონ გადმოგირეკავთ, როგორც კი თბილისში საქმეებს მოვრჩები"-ასეთი იყო მისი პასუხი, თუმცა აღარ გადმოურეკავს.
 
სად არის "აიპადი"? – შსს-ს განმარტებები
 
იქნა თუ არა გამოძიებული აიპადის მოპარვის ფაქტი? შეისწავლა თუ არა გამოძიებამ აღნიშნული ნივთმტკიცება და საერთოდ, ჰქონდა თუ არა "იპადი"  მკვლელობის დღეს არჩილ მაისურაძეს? ან სად არის ახლა მოკლულის აიპადი?
 
ამ კითხვებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მივმართეთ. მათ მიერ მოწოდებული პასუხებიდან საკმაოდ საინტერესო ფაქტები ირკვევა:
 
შსს (კახეთის სამხარეო პოლიცია): "მკვლელობის დღიდან დღემდე საქმეში "აიპადი" არ არსებობს, რადგან ის ფიზიკურად არ გვაქვს. აიპადი მოკლულის მანქანის დათვალიერების დროს  არ ყოფილა, ასევე არ იყო საავადმყოფოში ჩვენ იქ მისვლის დროს. ჩვენთვის როდესაც ცნობილი გახდა აიპადის შესახებ, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს აიპადი იყო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ში".
დამატებითი დაკითხვისას, ანუ 26 იანვარს ჩვენ ვთხოვეთ სალომე მაისურაძეს წარმოედგინა აღნიშნული "აიპადი", რათა დაგვეთვალიერებინა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მისი განმარტებით, აიპადი ჰქონდა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ს" და მის წარმოდგენას ვერ მოახერხებდა. მას აიპადი დღემდე არ მოუტანია."
აიპრესი: სალომე მაისურაძე ამბობს, რომ საავადმყოფოდან აიპადი გაქრა და შემდეგ დაუბრუნეს უკან. განაცხადა მან თუ არა ამის შესახებ თავის პირველ ჩვენებაში?
შსს: პირველ ჩვენებაში რაიმე რომ ეთქვა აიპადის მოპარვის შესახებ, ჩვენ დავიწყებდით გამოძიებას.  
 
არჩილ მაისურაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "აიპრესმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს და კახეთის სამხარეო პოლიციას სხვა კითხვებითაც მიმართა.
 
-იყო თუ არა მოკლული არჩილ მაისურაძის და, სალომე მაისურაძე დაკითხული და მისცა თუ არა მან ჩვენება
– სალომე მაისურაძე პირველად დაკითხვაზე იყო ჩვენთან 2014 წლის  3 ივლისს, რა დროსაც ის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი და შესაბამისად დაკითხული იქნა როგორც დაზარალებული. მეორედ ის დაბარებული იქნა 26 იანვარს, სადაც დამატებით იქნა დაკითხული და გამოძიებას მისცა ჩვენება.
– 2014 წლის 3 ივლისს დაზარალებულად დაკითხული იქნა?
– დიახ და მას აქვს ჩვენება მოცემული.
– 2014 წლის 3 ივლისიდან დღემდე, სალომე მაისურაძის ან მისი ადვოკატის მხრიდან თქვენთან თუ შემოვიდა რაიმე წერილობითი პრეტენზია ან საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურდა გამოძიებისთვის დამატებითი ჩვენების მიცემა?
– სალომე მაისურაძეს გამოძიებისთვის, არც განცხადებით, არც საჩივრით და არც პრეტენზიით არ მოუმართავს. პირველი ჩვენების დროს ადვოკატის მომსახურებით არ უსარგებლია, ისარგებლა მხოლოდ 26 იანვარს და ადვოკატს ჩვენთვის რაიმე საჩივრით ან პრეტენზიებით არ მოუმართავს.
– ლექსო თამაზაშვილთან არსებული მიმოწერებიდან ირკვევა, რომ არჩილ მაისურაძეს არაერთხელ ემუქრებოდნენ და ეს ხდებოდა მკვლელობამდე გაცილებით ადრე, 2012 -2013 წლებში. თქვენთვის ხომ არ მოუმართავს არჩილ მაიურაძეს ამასთან დაკავშირებით?
-რომ მოემართა, გამოძიებას დავიწყებდით. არ მოუმართავს.
– მიეცა თუ არა სალომე მაისურაძეს საქმის მასალების გაცნობის საშუალება?
-სალომე მაისურაძე ორჯერ გაეცნო საქმის მასალებს და ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების ამსახველი დოკუმნეტაციიდან მისთვის სასურველი ინფორმაცია მიიღო.
-პირველ ჩვენებაში ახსენა თუ არა ლექსო თამაზაშვილი?
-არა, არავინ უხსენებია, უბრალოდ ის ითხოვდა გამოძიებას დაედგინა თავისი ძმის მკვლელის ვინაობა.
 
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი "აიპრესისთვის"  მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ გარდაცვლილი არჩილ მაისურაძის დამ ტელევიზიით მიცემულ ინტერვიუში ფაქტები შეგნებულად დაამახინჯა: "2015 წლის 24 იანვარს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გასული სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა არჩილ მაისურაძის მკვლელობის ფაქტს, გაშუქებული იყო ცალმხრივად, მიკერძოებულად და მასში მოყვანილი გარემოებებიც მოწყვეტილი იყო რეალობას. ეს ერთის მხრივ გამოწვეული უნდა იყოს იმ გარემოებითაც, რომ გადაცემის მომზადებისას მის ავტორებს არც კი უცდიათ გამოძიების მწარმოებელ ორგანოსთან დაკავშირება, თუნდაც იმ ელემენტარული ფაქტების გადასამოწმებლად, რაც სიუჟეტში საკმაოდ აბსურდულად და არაკვალიფიციურად გაშუქდა. გადაცემის სიუჟეტი მთლიანად აგებული იქნა გარდაცვლილის დის სალომე მაისურაძის ვერსიებზე, რა დროსაც მან წამოჭრა ვერსია არჩილ მაისურაძის მკვლელობაში ბიზნესმენ დავით დემინაშვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ, ხოლო სხვა ვერსიები კი კატეგორიულად გამორიცხა. კერძოდ: მისი განცხადებით გამოძიების მსვლელობისას იგი თითქოს დაკითხულიც არც ყოფილა, მაშინ როდესაც მკვლელობიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, 2014 წლის 3 ივლისს, საქმეზე იგი ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ და მოხდა მისი დაკითხვა. გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე მისი ძმის მკვლელობის შესაძლო ვერსიების, მიზეზებისა და შემსრულებლების შესახებ მან განაცხადა, რომ მისთვის არაფერი არ იყო ცნობილი და არც არანაირი ვერსია არ გააჩნდა. ამასთან, გადაცემაში უთითებს, რომ თითქოს თავისი ვერსიის შესახებ არაერთხელ განუცხადა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, სალომე მაისურაძეს არც დაკითხვისას მიუთითებია ასეთი ვერსიის თაობაზე და არც რაიმე ფორმით (წერილობით თუ ზეპირად) მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისათვის.
 
კითხვაზე, აქვს თუ არა შსს-ს რაიმე სახის ინფორმაცია რესტორან "ჭადარში" მომხდარ ინციდენტზე, ნინო გიორგობიანი აცხადებს: "რაც შეეხება გადაცემაში მითითებულ დავით დემინაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქ. თელავში არსებულ კაფე "ჭადარში", გაცნობებთ, რომ ვინაიდან ამ ფაქტის შემსწრედ დასახელებული იქნა საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი, ეს საკითხი შესწავლილი იქნება საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ."
რესტორანი "ჭადარი" – ვერსიები, ჭორები და ვიდეო…
 
"აიპრესი" თელავში რესტორან "ჭადრის" დირექტორს, გია ალხანაიძესაც შეხვდა. ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იმ საღამოს, რომელზედაც საუბრობენ, მერობის კანდიდატი პლატონ კალმახელიძე რესტორანში საერთოდ არ იმყოფებოდა.
"როდესაც ეს ჭორები გავრცელდა, თითქოს დავით დემინაშვილმა "ლეკმა" პოლიციელის მისამართით ისროლა და მერობის კანდიდატს შეურაცხყოფა მიაყენა, ბუნებრივია დავინტერესდი ამ ამბით. როცა ვიკითხე როდინდელ ინციდენტზე საუბრობდნენ, ის დღე მითხრეს, რომელ დღესაც მე მთელი საღამო რესტორანში ვიყავი. გამიკვირდა ძალიან, რომც არ ვყოფილიყავი, მომსახურე პერსონალი აუცილებლად ჩამაყენებდა საქმის კურსში. იმ საღამოს პლატონ კალმახელიძე საერთოდ არ იყო რესტორანში. რაც შეეხება პოლიციელ უზუნაშვილს, ის ჩემს გვერდით ან ჩემს წინ იჯდა, ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ ველაპარაკებოდი.  მეორე მაგიდასთან ლეკი, კიდევ ორი ბიჭი და პროკურორი იყო. როგორც მახსოვს, პროკურორი ადრე წავიდა. იყო ბრახუნის ხმა, მაგრამ არც კი მიგვიქცევია ყურადღება. წარმოიდგინეთ, სროლა რომ ყოფილიყო ამ პატარა ფართში, როგორი ხმა ექნებოდა. არანაირი სროლა არ ყოფილა. კიდევ ერთ დეტალს გეტყვით, ეს ჭორები რომ გავრცელდა,  ჩემთან მოვიდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. ვუთხარი, წამოდით და ერთად ვნახოთ ვიდეოკამერაზეთქო. ნახეს და არანაირი ინციდენტი არ იყო. შემდეგ მთხოვეს, გადავიწერთ ამ მასალას, ოფისში რომ ვაჩვენოთ, ნამდვილად არაფერი რომ არ მომხდარაო. კი, ბატონო, გადაიწერეთ მეთქი. რომ მცოდნოდა ამ ამბავს ასეთი გაგრძელება მოყვებოდა, ვიდეოს წავშლიდი? საწმუხაროდ, ვერაფრით ვიხსენებ რომელი არასამთავრობო იყო. 7 თვის წინანდელი ამბავია.
თანაც, სროლა რომ ყოფილიყო, რამე ხომ უნდა დაზიანებულიყო? ჩამოვიდეს ნებისმიერი ექსპერტი და შეამოწმოს, არც ფანჯრები გამოცვლილა მას შემდეგ, არც არაფერი გადაღებილა, არც მინებია შეცვლილი. იქნებ, ის არასამთავრობო გამოჩნდეს და თვითონ მოიტანოს ის ვიდეო"
 
 ლექსო თამაზაშვილი: "ეს იყო უნიჭოდ დაგეგმილი შავი პიარი ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ"
 
ის, რომ 2008 წელს და მომდევნო წლებშიც არჩილ მაისურაძეს ემუქრებოდნენ, ადასტურებს მისი მიმოწერებიც ლექსო თამაზაშვილთან. მიმოწერების ეს ნაწილი ამ დრომდე  არ გასაჯაროვებულა.  მათი გასაჯაროების უფლება ლექსო თამაზაშვილს ვთხოვეთ, რაზეც ის დაგვთანხმდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლექსო თამაზაშვილის გარდა, არჩილ მაისურაძის მისამართით არსებულ  მუქარებზე თელავში ჩვენს მიერ ჩაწერილმა არაერთმა რესპოდენტმა ისაუბრა. 
 
არჩილ მაისურაძე: (2013 წლის 5 მაისი): ესპანეთში ვარ ძმაო და  წეღან სახლში რომ მოვდიოდი, გავაძრე მელოდებოდნენ. მე ქვევიდან მივედი და ვერ დამინახეს…ბავშვები რომ მყავს აქ მაგას ვნერვიულობ, ვინმე რამე შეურაცხყოფა არ მიაყენოს ჩემებს, სულ გავგიჟდები…
 
არჩილ მაისურაძე (2013 წლის 20 ივნისი): რას შვრები ალექს, როგორ ხარ? მე უნდა შვედეთში წავიდე და ჩავბარდე, თორემ აქ უკვე ვეღარ გავჩერდები.
 
ლექსო თამაზაშვილი: "არჩილ მაისურაძეს  ვიცნობდი, თუმცა, მერე ის დაიჭირეს და შეხების წერტილი აღარ მქონია. ის 2012 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა. "ფეისბუქზე" მწერდა ხოლმე. ხშირად ამბობდა, რომ ვიღაცეები ემუქრებოდნენ და ამის შესახებ, ბუნებრივია, ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რადგან ესპანეთში დაჭრეს კიდეც და სწორედ ამის გამო დატოვა იქაურობა. ეს ყველაფერი იმ მიმოწერებში არის, რომელიც "რუსთავი 2-მა" საჭიროდ არ ჩათვალა ეჩვენებინა და ისე დახატეს სურათი, თითქოს მხოლოს ერთხელ, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ემუქრებოდნენ არჩილ მაისურაძეს. მე მას ადრე შევხვდი კიდეც თბილისში და ვუთხარი, რომ თუკი რეალურ საფრთხეს გრძნობდა, აუცილებლად მიემართა პოლიციისთვის და სათანადო რეაგირებას მოახდენდნენ. ბუნებრივია, მის ნაცვლად  მე ვერ მივმართავდი პოლიციას. მკვლელობის შემდეგ, დავუკავშირდი პოლიციას და ვიკითხე, რა ხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. მითხრეს, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობდა და დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო დაკითხული.
 
სალომე მაისურაძესაც ვიცნობ, თუმცა მას ძმის მკვლელობის შემდეგ ჩემთვის არც არაფერი მოუწერია და არც დამკავშირებია. არ უთქვამს, რომ ძმის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები არსებობდა.
რაც შეეხება ჩანაწერს, ჩემამდე არაფერი მოსულა. შეუძლია ნებისმიერ ექსპერტს შეამოწმოს ჩემი მეილები, მიმოწერები და დაადგინონ, რომ არაფერი არც მიმიღია და არც წამიშლია.
 
რაც შეეხება ბიზნესმენ დავით დემინაშვილს, მას ვიცნობ, მეც კახეთიდან ვარ, მოგეხსენებათ და ბუნებრივია, ხალხთან ურთიერთობები მაქვს. თუმცა, "ქართული ოცნების" დამფინანსებელი არის თუ არა, ეს ნამდვილად არ ვიცი, არც ამის გადამოწმებაა რთული, შეამოწმონ შემომწირველთა სიაში. 2012 წელს კი რაიმე შემოწირულებები არაოფიციალურად რომ გაეკეთებინა, მოგეხსენებათ, მაშინ რა სადამსჯელო ღონისძიებებიც ტარდებოდა "ქართული ოცნების" შემომწირველების წინააღმდეგ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არც მას დატოვებდნენ ისე.
 
და მე ვსვამ კითხვას, თუკი ნაცნობთან მიმოწერები გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მის მკვლელობასთან რაიმე კავშირი კავშირი გაქვს? შეუძლია ვინმემ ამიხსნას, რა ლოგიკაში ჯდება ეს? ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – ეს იყო მორიგი შავი პიარი ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ვთვლი, რომ აღნიშნული ტელევიზია მჭიდროდაა დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან" , ჩვენი ოპონენტები "რუსთავი 2”- ის   გადაცემებს იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად, ქვეყანაში უსამართლობისა და განუკითხაობის სურათის შექმნის მიზნით.
 
საბედნიეროდ საქართველოს მოსახლეობა ბრძენია, ჩვენმა მოქალაქეებმა ამ უშედეგო მცდელობებს და პიარზე გათვლილ ილუზიებს სათანადოდ უპასუხა უკანასკნელ სამ არჩევნებში. საქართველოში  ვირტუალური დემოკრატია, შეკვეთილი მკვლელობები და სხვა მრავალი დანაშაული ხელისუფლების წევრების მხრიდან 2012 წელს დასრულდა და აღარ განმეორდება!
 
დავით დემინაშვილი (ლეკი): "მზად ვარ, გამოძიებას მივცე ჩვენება ნებისმიერ დროს!"
 
რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ შევძელით დავით დემინაშვილი ("ლეკი") კომენტარის ჩაწერაზე დაგვეთანხმებინა.
 
დავით დემინაშვილი: "მე საერთოდ არ მიყურებია მაგ გადაცემისთვის, მაგრამ უყურეს ჩემი ოჯახის წევრებმა და მე ჩემი ათი წლის შვილისთვის და ძმისშვილისთვის იმის ახსნა მიწევს, რომ არანაირ მკვლელობასთან შეხების წერტილიც კი არ მქონია. ბავშვებმა უარი თქვეს სკოლაში წასვლაზე, სხვანაირად გვიყურებენო. და ახლა მე მინდა გკითხოთ თქვენ, მე რომ ჩემს მეგობართან ერთად ერთ-ერთ საღამოს რესტორანში ვიჯექი და თურმე იქ ყოფილა ვიღაც პოლიციელი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, ეს არის იმის ფაქტი, რომ მკვლელობასთან შეხების წერტილი მაქვს? და მიზეზი? შეუძლია ვინმეს ამიხსნას, რა მიზეზი ან მოტივი უნდა მქონოდა ამის ჩასადენად?
არჩილ მაისურაძეს მე მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი და მეტი არაფერი. არანაირი შეხება არ მქონია მასთან. ჩემი აწ გარდაცვლილი ძმა მეგობრობდა და მე მის მამას ვიცნობდი, რომელიც შესანიშნავი ადამიანი იყო. არც "ვანცეტა" ყოფილა როდესმე ჩემი მეგობარი და მთელმა თელავმა იცის ეს.
სალომე მაისურაძეს ბავშვობისას ვიცნობდი და მას შემდეგ, რაც ჩემზე ასეთი ჭორების გავრცელება დაიწყო, ვთხოვე ჩვენს საერთო ნაცნობებს, ეთქვათ მისთვის და შემხვედროდა. მინდა, თვალებში ჩავხედო და ვკითხო, რატომ იგონებს ასეთ ბინძურ რამეებს. თავისი ძმის ხსოვნას მაინც სცეს პატივი. დარწმუნებული ვარ, სალომემ თავადაც მშვენივრად იცის, რომ თავისი ძმის მკვლელობის საქმესთან არაფერ კავშირში ვარ. ვერ გეტყვით, ვისი მოფიქრებულია ეს ბინძური სქემა.
ამიტომაც, მე ვთხოვე ჩემს ადვოკატს, რომ მიემართა პოლიციისთვის ჩემი სახელით, რათა დამკითხონ და უკვე მიმართა კიდეც. მზად ვარ, გამოძიებას მივცე ჩვენება, ნებისმიერ დროს! მე მართალი ვარ და არაფრის მეშინია!"
 
რაც შეეხება თავად სალომე მაისურაძეს, ჩვენ მზად ვართ, მისი სურვილის შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავუსვათ ის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემასაც მან თავი აარიდა…
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად