ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემ TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ.

მედია მენეჯერები და ჟურნალისტები ლაშქარავას სახლიდან სასაფლაომდე მსვლელობით მივლენ.

ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამსხვრეული და ოპერაცია დასჭირდა.

11 ივლისს ლაშქარავა დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზას მისი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს.

შსს ლაშქარავას გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. 12 ივლისს უწყებაში განაცხადეს, რომ “ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკით ზედოზირება გახდა”.

ლაშქარავას გარდაცვალების გამო, უკვე მესამე დღეა მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

კომენტარები
იტვირთება...