ლენტეხში, სოფელ ზესხოში ტყის საფარს ცეცხლი უკიდია

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში, ტყის საფარს ცეცხლი გაჩნდა. როგორც  ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა "აიპრესს" განუცხადა, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მისივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.   

"სოფელ ზესხოს მიმდებარე ტერიტორიაზე არის ხანძარი. 2 ჰექტარ ფართობზე ტყის ქვედა საფარი იწვის. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, დაახლოებით 300-მდე სამაშველოა ადგილზე, შესულები არიან ტყეში და მუშაობენ. ასევე, ადგილზე იმყოფება მთელი გუბერნია.  ჩვენი ვარაუდით, დღის ბოლომდე ხანძარი ჩაქრება. დაშავებულები არ არიან და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება",-განაცხადა ლენტეხის მერმა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. რთული რელიეფის გამო, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება, რომ არ მოხდეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები. ასევე,  რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. 

ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ვერტმფრენის ჩართვა

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად