„ლელო“ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

“ლელო საქართველოსთვის” ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს, – აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ პარტიის სახელით “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გააჟღერა. ამასთან ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით მათ გამოძიება დაიწყეს.

“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვიყავით ჩავრთულიყავით ამ ფორმატში. ასევე მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ ყველა კომპეტენტური პირი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ცოდნაზე დაფუძნებით ჩაერთო ამ პროცესში, რადგან ეს იყო საერთო ეროვნული გამოწვევა. ამის საპასუხოდ ვიღებდით არაფერზე დაფუძნებულ თავდაჯერებას და ტყუილების კასკადს, რომელიც დღეს გასკდა. იმიტომ, რომ კოვაქსის პლატფორმამ გააკეთა საჯარო განმარტება იმის შესახებ თუ რისი ბრალია დღეს, რომ ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა.

ამის საპასუხოდ, რამდენიმე წუთის წინ ვნახეთ სრულიად დაბნეული პრესკონფერენცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის. მინისტრი ახლაც კი არ კადრულობს და არ იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ ბოლო ჯერზე მაინც გაეკეთებინა ახსნა-განმარტება და ეთქვა, რომ მე მივდივარ იმიტომ, რომ ვერ მოვაბი თავიო.

ჩვენ დავიწყეთ გამოძიება და ყველა შესაბამის უწყებას მივმართეთ და მოვითხოვეთ წარმოებული წერილის გასაჯაროება თუ რა გააკეთა თითოეულმა უწყებამ იმისათვის, რომ დროულად მიგვეღო ვაქცინა და მინდა გითხრათ, რომ ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია ჯანდაცვის სამინისტროსგან. იმის გამო, რომ მათ პასუხი არ აქვთ.

ამ პირობებში ერთადერთი სწორი პოზიცია იქნება ის, რომ მინისტრი გადადგდეს, მაგრამ ამავე დროს უნდა გასაჯაროვდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოებული იყო ამ პერიოდის განმავლობაში და გაირკვეს მინისტრთან ერთად კიდევ ვისი პასუხისმგებლობა დგას”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...