ლატვიის თავდაცვის მინისტრი: ვფიქრობ, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში მალე ვიხილავთ

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ბერგმანისმა "აიპრესისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ  ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის დეტალებზე საუბრით დაიწყო:

როგორ შეაფასებდით ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გასულ წლებში?

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი თქვენს თავდაცვის მინისტრს, ქალბატონ თინათინ ხიდაშელს. თუ არ ვცდები, ეს შეხვედრა სექტემბერში შედგა და ძალიან საინტერესოდ წარიმართა.  ჩვენ ზუსტად სამომავლო ურთიერთობებზე  ვსაუბრობდით ვახშამზე, სადაც ისიც გავიგე,  რომ მისი ქმარი პარლამენტის თავმჯდომარეა საქართველოში. ძალიან ვიხალისე, როცა მითხრა, ბავშვები მეკითხებიან, რატომ აკეთებს დედა მამის საქმეს და მამა დედის საქმესო.

თქვენი მინისტრი და ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეთ, ეს ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს და ამიტომ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაგეხმაროთ.

თინა ხიდაშელმა იმედი ჩამისახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ შენ ეს გინდა და მთელი სულით აკეთებ ამას.  თქვენი ქვეყნისთვის ეს მართლაც რთულია, მაგრამ თქვენ გაქვთ რწმენა და ეს რწმენა ყველაზე დიდი იარაღია.  – განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.

ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა 2008 წლის ომსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. 

თქვენი აზრით, რამდენად რეალურია საქართველოს პერსპექტივა გაწევრიანდეს ნატოში უახლოეს წლებში?

ვიმედოვნებ,  რომ რეალურია, რადგან ახალგაზრდა ადამიანი ვარ და ვიცი, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რწმენა, შეუძლიათ ბევრი რაღაცის გაკეთება. რწმენა ყველაზე ძლიერი იარაღია. რწმენა ძალიან დიდ კედლებს ამსხვრევს, მჯერა ამისი. როდესაც კომისიების დონეზე იყო შეხვედრა, ირაკლი სესიაშვილთან და სხვა ქართველ კოლეგებთან მართლაც კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ვიცი, რომ თქვენთვის ძალიან რთული პერიოდია, სახელმწიფო დაყოფილია, ადამიანები ცხოვრობენ ხელოვნური ბარიერების პირობებში და ვერ გადაადგილდებიან. ეს იქნება ნორმალური, თუ საქართველო გაწევრიანდება ნატოში და ევროკავშირში.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება 2008 წლის ომზე? იყო თუ არა საჭირო მაშინ რუსეთის მიმართ სანქციების გატარება?

რუსეთთან დადებული შეთანხმების 6 პუნქტიდან, როგორც ვიცი მან მხოლოდ  ერთი შეასრულა. იმ მომენტში საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ გაიგო რა მოხდა, გაახილეს თვალები, თუმცა არაფერი გააკეთეს და  ეს იყო შეცდომა, მაგრამ არ გვინდა ამაზე ხისტი რეაგირება. ეს პროცესი დღეს გრძელდება უკრაინაში. დღეს უკვე ნატო, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები ნათლად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას რუსეთთან მიმართებაში.    2008 წლის ომს რომ რეაგირება მოყოლოდა, უკრაინაში ასეთი სიტუაცია არ შეიქმნებოდა.

ბოლო პერიოდში რუსული სამხედრო თვითმფრინავები საჰაერო სივრცეს არღვევენ, რას აპირებთ უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით და რა გაკეთდა უკვე ამ მიმართულებით?

დიახ, არღვევენ და ბოლო პერიოდში ეს ფაქტები გახშირდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნატოს, ისინი ახდენენ საერთო, ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირებას. ვხედავთ, რომ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები დაფრინავენ უკვე პორტუგალიასთან, ინგლისთან. ასევე ხდება სამხედრო სწავლებები, ადრე გვაფრთხილებდნენ სწავლების დაწყებაზე, დღეს არა. ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ნატოს არაწევრი ქვეყნების შეშფოთებას იწვევს – მაგალითად შვედეთის და ფინეთის. შვედეთის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან, იქ ძალიან კარგი მეცნიერები მუშაობენ, ანალიტიკოსები. ეს ცენტრი, რომელიც მდებარეობს რიგაში, არ არის შექმნილი რუსეთის წინააღმდეგ. ეს ცენტრი არის შექმნილი იმისთვის, რომ თქვენ, საქართველოს ან სხვა ქვეყნებს დავეხმაროთ, რომ მათ გამოიყენონ ის ანალიზი და ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ სტრატეგიული კომუნიკაცია  უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და შემდგომში გაწევრიანებისთვისაც.

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველომ შესაძლოა მიიღოს საჰაერო თავდაცვითი სისტემები საფრანგეთისგან, რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე და ზოგადად, რითი შეიძლება დაეხმარონ ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის?

ჩვენ უკვე ვეხმარებოდით თქვენს ქვეყანას, ახლაც გავაგზავნეთ 3 ადამიანი ევროკავშირის მისიით. ჩვენ ერთად ვმონაწილეობდით ოპერაციებში და კარგი კავშირები აქვთ სამხედროებს. მზად ვართ, სწავლებით დაგეხმაროთ, ჩვენ ვაგზავნით მრჩევლებს შეიარაღებული ძალების გაძლიერებისთვის. რითიც შეგვიძლია, გეხმარებით…

ის, რაზეც თქვენი თავდაცვის მინისტრი ესაუბრებოდა ფრანგულ მხარეს, ამაზე ჩვენც ვმუშაობთ და ძალიან დიდ ფულს ვხარჯავთ ამაში… თუ გვექნება შესაძლებლობა, ყველანაირად დაგეხმარებით.

რამდენად რეალურია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიღება ევროკავშირთან?

ჩვენ ყოველთვის ვიყავით იმის ადვოკატები, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმი მიიღოს. ჩვენც გავიარეთ ეს პროცესები. ადრე თუ გვიან, უვიზო რეჟიმს აუცილებლად მიიღებთ, უბრალოდ ვერ გეტყვით როდის ამოქმედდება. ვიმედოვნებ, რომ მალე  შევძლებთ თქვენ გიხილოთ ევროკავშირის და ნატოს თანამეგობრობაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად