ლაშა ზარგინავა: აჭარის მაუწყებლის დათმობას ასე მარტივად არ ვაპირებთ!

აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ახალი დირექტორი ჰყავს. პოსტი 6 თვე ვაკანტური იყო, დღეს კი ბორდმა ხმათა უმრავლესობით ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია.

როგორც “აიპრესთან” საუბრისას დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა აცხადებს, კოხრეიძის არჩევა პროცესის ლოგიკური დასასრული იყო.

ლაშა ზარგინავა მიიჩნევს, ხელისუფლების მცდელობა, რომ ხელში ჩაეგდო აჭარის ტელევიზია გამართლდა, თუმცა ჟურნალისტები ამასთან შერიგებას არ აპირებენ და სარედაქციო პოლიტიკას არ შეიცვლიან.

“ეს იყო ის ლოგიკური დასასრული პროცესებისა, რომელიც მთელი ამ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ. 3-ჯერ კონკურსი ჩავარდა. გიორგი კოხრეიძე წინა ორ ტურში ერთ ან ვერცერთ ხმას ვერ იღებდა, ბოლო კონკურსზე მივიღეთ ის რომ სამი ხმით, ანუ აბსოლუტური უმრავლესობით, იქნა არჩეული, ბროდის მიერ!

რა თქმა უნდა ეს მეთოდი, კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ეჭვებს რაც გვქონდა. ეჭვები არ არის უსაფუძვლო იმ “ბეგგრაუნდიდან” და ამ კონკურსებზე გასაუბრებების დროს მის მიერ წარმოდგენილ ხედვებიდან გამომდინარე, პირიქით ეს ეჭვები კიდევ უფრო მყარდება. ხელისუფლება ეცადა ბოლომდე და დღეს მოიყვანა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ზუსტად ის ადამიანი, რომელიც იქნება მისი ინტერესების გამტარი ამ ტელევიზიაში, თუმცა მაუწყებლის ხელში ჩაგდება მას ძალიან გაუჭირდება, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ერთიანი და მყარი პოზიცია, რომ ამ წლების განმავლობაში ის სარედაქციო პოლიტიკა, ის დამოუკიდებელი პოლიტიკა, რაც მის საინფორმაციო სამსახურს აქვს ბოლომდე კბილებით დავიცვათ, მანამ სანამ ამის ფიზიკური შესაძლებლობა იქნება”, – განაცხადა ზარგინავამ.

“აიპრესის” კითხვაზე, რატომ მიიღო კონკურსში მონაწილეობა, თუ დარწმუნებული იყო ასეთი დასასრულის დადგომაში, ზარგინავამ გვიპასუხა, რომ ეს იყო ერთგვარი პროტესტი.

“ჩვენ მოლოდინი გქვონდა ამ დასასრულის და ზუსტად ამიტომ დავრეგისტრირდით მაუწყებლის რამდენიმე თანამშრომელი კონკურსზე, რომ შემდეგ მრჩეველთა საბჭოს არ ეთქვა, არჩევანის საშუალება აქ გვქონდაო, რომ არ ეთქვა 3 ადამიანი იყო წაროდგენილი და ამ სამიდან ეს ის იყო საუკეთესოო.

მოლოდინი იმისა რომ ასე მოხდებოდა, მაშინვე გაჩნდა, როცა ეს ადამიანი კონკურსზე დარეგისტრირდა, თუმცა ჩვენი კონკურსში მონაწილეობა ერთგვარი პროტესტი და იმის გამოხატულება იყო, რომ ჩვენ მაუწყებლის დათმობას ასე მარტივად არ ვაპირებთ”, – განაცხადა ლაშა ზარგინავამ.

შეგახსენებთ, დღეს მაუწყებლის ბორდმა 6 თვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და 3 ხმით აჭარის ტელევიზიის დირქტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად