ლაშა თორდია: პრემია შემცირდა 31 მილიონი ლარით, ხოლო დანამატი 45 მილიონით გაიზრდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, გაცმეული პრემიები 31 მილიონი ლარით არის შემცირებული, ხოლო დანამატები 45 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ამის შესახებ ლაშა თორდიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

მისი განცხადებით, დანამატებმა პრაქტიკულად პრემია ჩაანაცვლა.

“ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ პრემიის გაცემა შეიცვალა დანამატით. ეს არის ბიუჯეტის ჩანაწერი, ხელფასის ფულადი ფორმით- პრემია შემცირდა 31 მილიონით, ხოლო ხელფასის ფულადი ფორმით დანამატი გაიზრდა 45 მილიონით”,-განაცხადა ლაშა თორდიამ.

როგორც ლაშა თორდია ამბობს,  დანამატები წელს გაზრდილი არის: რეგიონალური განვითარების სამინისტროში – 69%; იუსტიციის სამინისტროში – 206%; სასჯელაღსრულების სამინისტროში – 412%; კულტურის სამინისტროში – 1509%; დევნილთა სამინისტროში – 35%; ჯანდაცვის სამინისტროში კი – 270%.

შეგახსენებთ, პრემიების გაცემაზე შეზღუდვები დაწესდა. საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის №449 დადგენილებაში, რომელიც 2014 წლის 15 ივლისისაა მიღებული.

„პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობის წესი:  1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.  2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით, ზემდგომი თანამდებობის პირის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ­ მინისტრის თანხმობის საფუძველზე“, – წერია მთავრობის დადგენილებაში.

ამასთან ლარის გაუფასურების გამო  ხელისუფლებამ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. ამის შესახებ პირველი განცხადება ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის თებერვალში განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ ასევე ვთქვათ, შემოვიჭიროთ ქამრები და მაქსიმალურად ეფექტიანად გავაგრძელოთ მუშობა",-განაცხადა პრემიერმა.   

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...