ლაშა ტალახაძე: ორმაგად სასიხარულო იყო ჩემს მეგობართან ერთად კვარცხლბეკზე დადგომა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ "აიპრესთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის ორმაგად სასიხარულო იყო კვარცხლბეკზე დადგომა, რადგან მის გვერდით იდგა მისი მეგობარი, ირაკლი თურმანიძე.

"წინა შეჯიბრებებთან შედარებით, ოლიმპიადაზე ალბათ უფრო ემოციურად გამოვხატე სიხარული. შეჯიბრის მერე ვუყურე კადრებს და მართლა არ მახსოვდა რას ვაკეთებდი ფიცარნაკზე. ეს სიხარული ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ ჩემი მეგობარი, რომელთან ერთადაც ვვარჯიშობდი ამ ხნის განმავლობაში, იდგა ოლიმპიურ კვარცხლბეკზე და ეს ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის.

ირანელი გულშემატკივრების მხრიდან ცოტა უარყოფითი ენერგია იყო წამოსული, ამან პირიქით გამაძლიერა, მაგრამ გულდასაწყვეტი იყო, საერთო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა.

დღეს ცოტას მივხვდი, რომ რაღაც გავაკეთე ჩემი საქართველოსთვის", – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ცნობისთვის, ლაშა ტალახაძემ ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიო რეკორდი მოხსნა და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი, ირაკლი თურმანიძე ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

ქართველი ოლიმპიელები საქართველოში დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ. აეროპორტში მათ სპორტის მინისტრი, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად