A1 ბანერი

ლაშა მიქავა: ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი რეგიონის ინტერნეტიზაცია მოხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ლაშა მიქავამ, რომელიც დღეს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას ესწრებოდა, პროექტის მნიშვნელობა მედიის წარმომადგენლებთან შეაფასა.

მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორსა და დონორ ორგანიზაციებს შორის კლასიკური თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი, რომელთა ერთობლივი ძალისხმევითაც მოხდება მეტად მნიშვნელოვანი რეგიონის ინტერნეტიზაცია.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების მოსახლეობა ისარგებლებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, ასევე საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი სხვადასხვა ელექტრონული მომსახურებებით. საუბარია 76 სოფელზე 496 მუდმივად მაცხოვრებელი ოჯახით. პროექტის ფარგლებში ინტერნეტით დაიფარება რამდენიმე საშუალო სკოლა და ასევე, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი”, – აღნიშნა მიქავამ. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე.

ხელშეკრულება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესახებ დღეს ტექნოპარკში გაფორმდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) აქტიური ჩართულობით, ინტერნეტ საზოგადოებასთან (ISOC) აწარმოა მოლაპარაკებები და მიიღო ტექნიკური და ფინანსური დახმარება 25 000 აშშ დოლარის ოდენობით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიაზე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განსახორციელებლად. ასევე პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყო 246 805 ლარი, ხოლო ქსელის აგებისთვის საჭირო სხვა თანხები დაიფარება სხვადასხვა დონორის საშუალებით.

ინტერნეტსაზოგადოებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ააიპ “მთის სათემო ქსელმა” მიიღო დამატებით დაფინანსება 70 ათას ლარამდე სხვადასხვა დონორების საშუალებით. პროექტში ჩართულია 10-მდე სხვადასხვა მხარე, მათ შორის ჩეხეთის საელჩო საქართველოში, ვეონი საქართველო (ბილაინი საქართველო), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, შპს “ინტელკომ ჯგუფი”, შპს “დიგიტალ ტექნოლოგი” (“ქემბიუმ ნეთვორქს ჯეორჯია”), შპს “სქაიტელი” და შპს “ენბი ნეტი”.

პროექტის ბენეფიციარია ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია “მთის სათემო ქსელი”, რომელსაც პროექტის რეალიზაციაში და მართვაში საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA) დაეხმარება.

მსგავსი პროექტი ააიპ “საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, თუშეთში 2017 წელს დასრულდა – დღესდღეობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია და ქსელის მართვას უზრუნველყოფს ააიპ “თუშეთის განვითარების ფონდი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...