ლაშა კომახიძე: ჩემი მერობის მერე ბათუმს მთელი უბნები და ათეულობით მოწესრიგებული ქუჩა დარჩება

რა იქნება ის პროექტი, რომლითაც ბათუმელებს თავს დაამახსოვრებს, ლაშა კომახიძე „აიპრესის“ კითხვას ასე პასუხობს: „მე ვფიქრობ რომ ასეთ პროექტებს ყოველდღიურად ვქმნით“.

მოგვიანებით ბათუმის მერმა საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალიც გააკეთა, თუმცა მისთვის პრიორიტეტული მაინც სივრცითი ტერიტორიული გეგმის შემუშავებაა: „ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს და ჩემივე მერობის ვადაში დასრულდეს სივრცითი ტერიტორიული გეგმის შემუშავება. ვფიქრობ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც დავუტოვებ ქალაქს და ამისათვის არ ვიშურებ ძალისხმევას,“ – აცხადებს ბათუმის მერი.

ლაშა კომახიძე ბათუმელებს არჩევნების დროს მიცემული დაპირებების ზედმიწევნით შესრულებასაც ჰპირდება და იმ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე აკეთებს აქცენტს, რითიც მისივე განმარტებით ქალაქი ახალ სიცოცხლეს შეიძენს:

„მე ვფიქრობ, რომ ასეთ პროექტებს ყოველდღიურად ვქმნით ფაქტიურად. პირდაპირ ეხლა შემიძლია გითხრათ, რომ 100-ზე მეტი ქუჩა ბათუმში არის კეთილმოწყობის ქვეშ და მიმდინარეობს 100-ზე მეტი ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია. ასე რომ ჩემს მერე დარჩება მთელი უბნები და მთელი ათეულობით ქუჩები, რომლებიც იქნება მოწესრიგებული და რეაბილიტირებული. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დავამახსოვრებ თავს მოქალაქეებს იმით, რომ ის დაპირებები, რომლებიც გაცემული მაქვს და ის სტრატეგია, რომელიც 2018-21 წლებს მოიცავს და რომელთაც ყოველ კვარტალურად ვაკეთებთ ანგარიშგებას, ზედმიწევნით იქნება მაქსიმალურად შესრულებული. დავამახსოვრებ თავს იმითი, რომ ეხლა მიმდინარეობს სწორედ მსხვილი კომუნალური პროექტები, რომელიც ქალაქს აბსოლუტურად სხვა სიცოცხლეს შესძენს, მე ვგულისხმობ იგივე 60 მილიონიან პროექტს, რომელსაც ეხლახანს ხელი მოეწერა გონიო-კვარიათის წყლის მომარაგებისა და ჯავახისშვილის ქუჩიდან მეჯინისწყლამდე ტერიტორიის წყალარინების სისტემის მომარაგება, ასევე მახინჯაურში წყლის სისტემის მომარაგება. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, ამავე დროს ბევრი სიახლე სატრანსპორტო სფეროში, ბევრი სიახლე სხვადასხვა სოციალური იქნება თუ ჯანდაცვის, განათლების, კულტურის სფეროში. თუმცა ამას ყველაფერს რა თქმა უნდა დრო შეაფასებს. ერთია ჩემი სურვილი და მეორე რა იქნება ფაქტი,“- განაცხადა ლაშა კომახიძემ.

იგი მერის პოსტზე ბათუმელებმა 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს. კომახიძეს უფლებამოსილების ამოწურვამდე 2 წელზე ოდნავ მეტი რჩება. მუნიციპალიტეტის სხვა პრობლემატურ თემებზე ვრცელ ინტერვიუს „აიპრესი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...