ლარის გაუფასურების გამო, მიკროსაფინანსოებმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდეს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდეს. 

6%-ით გაიზარდა სალომბარდო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი "რიკო კრედიტში". "რიკო კრედიტმა" იპოთეკური სესხების ლარში გაცემა სრულად შეაჩერა. როგორც კომპანიის დირექტორი ლაშა ნიკოლაიშვილი "აიპრესთან" საუბრაში აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ლარში არსებული დანაზოგების მასიური გადინება გახდა, რის გამოც კომპანია იძულებული გახდა იპოთეკური სესხები ლარში სრულად შეეჩერებინა.

საპროცენტო განაკვეთის 6%-იანი მატება არსებულ სესხებს არ შეეხება. ნიკოლაიშვილის განმარტებით რიკოში ლარში არსებული სესხების საპროცენტო განაკვეთი 24%-დან 30 პროცენტამდე გაიზარდა, რაც უკვე ზედა ნიშნულია და მოსახლეობას მისი გადახდა ისედაც გაუჭირდება.

ეროვნული ვალურის არასტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში კი კომპანია ლარის სესხებზე სრულად უარის თქმასაც არ გამორიცხავს.

"მოსახლეობამ ლარის მიმართ დაკარგა ნდობა, ამიტომ მოხდა ლარის რესურსის გადინება ფინანსური ინსტირუტებიდან და  მოხდა ამ რესურსის დოლარზე გადაცვლა. ყველაზე დიდი პრობლემა ლარის დევალვაციის დროს არის ის რომ მოსახლეობამ და კომანიებმა ლარის ინსტრუმენტის მიმართ ნდობა დაკარგეს" – ლაშა ნიკოლაიშვილი.

2%-ით გაიზარდა ლარში არსებულ მცირე სესხებზე საპროცენტო განაკვეთი "კრისტალში". კომპანიის დირექტორის მალხაზ ძაძუას განცხადებით, თუ ეროვნული ვალუტა 2.0 ან მეტ ნიშნულზე შენარჩუნდება საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდა გარდაუვალი გახდება. საპროცენტო განაკვეთის გაზრდა კრისტალში 5000 ლარამდე არსებულ სესხებს შეეხო, მიმდინარე სესზებზე კი ცვლილება არ ასახულა.

"ჩვენ გვირჩევნია, რომ კლიენტს არ ქონდეს ვალუტის კურსის რისკები და სწორედ ამიტომაც ლარში სესხების გაცემას არ ვზღუდავთ, ამ რისკის საკომპენსაციოდ, ხდება რამდენიმე პროდუქტზე განაკვეთის მომატება. იმედია უფრო მკვეთრი რყევები აღარ იქნება. როდესაც ფსიქოლოგიურ ნიშნულს სცდება ეროვნული ვალუტა არის მოლოდინი რომ კიდევ გაუფასურდება. თუ 1.9-ს და 2.0-ს შორის შენარჩუნდა კურსი მაშინ არ არი გამორიცხული რომ ეს პროცენტი ისევ დავწიოთ. თუ 2.0-ზე შენარჩუნდა ეროვნული ვალუტა  შეუძლებელი იქნება არსებული საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაიზრდება" – მალხაზ ძაძუა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბანკთაშორის ბოლო ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ხვალ ერთი დოლარი 2.0307 ლარი იქნება. 6 თებერვლით განსაზღვრულ კურსთან შედარებით ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 0.0207 პუნქტით გაუფასურდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად