ლარის გაუფასურებამ პრობლემები საბანკო სექტორსაც შეუქმნა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება იზრდება, დეპოზიტების მოცულობა მცირდება.

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი ივნისისათვის 12.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 174.9 მილიონი ლარით ანუ 1.35 პროცენტით ნაკლებია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა როგორც ვადიანი, ისე მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას, შესაბამისად 83.4 მილიონი ლარით (1.1 პროცენტით) და 91.5 მილიონი ლარით (1.8 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  ივნისისათვის 34.14 პროცენტი შეადგინა – პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, 0.40 პროცენტული პუნქტით მეტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.42 პროცენტული პუნქტით მეტი).

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.7 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.5 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, მაისში, წინა თვესთან შედარებით 12.4 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა და  პირველი ივნისისათვის 14.9 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 18.5 მლნ ლარით (0.4 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 6.1 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 5.7 მლრდ ლარის (0.8 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი.

“ეკონომიკურმა კრიზისმა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გარკვეული პრობლემები საბანკო სექტორსაც შეუქმნა: შემცირებულია ბანკების მთლიანი აქტივები, შემცირებულია დეპოზიტების რაოდენობა, შემცირებულია სასესხო პორტფელის ზრდის დინამიკა, გაზრდილია ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა და გაზრდილია დოლარიზაციის მაჩვენებელი”, – განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებში. მათი ინფორმაციით, ბევრი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს საბანკო სექტორის სტაბილურობას 1 ივნისის მდგომარეობით გაუარესებულია. “თუ წინა წლებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ როგორც დეპოზიტების ასევე წმინდა აქტივების მოცულობა წლიდან წლამდე მზარდი ტრენდით ხასიათდებოდა, საყურადღებოა ასევე საკრედიტო პორტფელი, რომელიც მართალია გაიზარდა, მაგრამ ძალიან მცირე მაჩვენებლით. ამას გარდა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ვადაგადაცილებების მოცულობა, 27%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი ინდიკატორების ზრდის ტემპი შენელებულია და ზოგ შემთხვევაში საერთოდ კლება შეინიშნება, რაც საბანკო სისტემის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. სიტუაციის გაუარესება მრავალ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი სავალუტო კრიზისია. თუ წინა თვეებში მიუხედავად სავალუტო კრიზისისა ეს ინდიკატორები იზრდებოდა, საშუალო ვადიან პერიოდში ლარის გაუფასურებამ მაინც მოახდინა ზეგავლენა ეკონომიკურ მდგომარეობაზე”.

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მაისის თვის წმინდა მოგებამ 70.8 მილიონი ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 79.4 პროცენტი შეადგინა.

1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 16 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით.

წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მილიარდი ლარით, ანუ 0.8 პროცენტით შემცირდა და 23.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად