“ლარა მიცავს მე. ამბები საქართველოდან”- ფრანკფურტში  ქართველი თანამედროვე არტისტების გამოფენა მიმდინარეობს

ქართული საგამოფენო პროგრამა ფრანკფურტში გრძელდება

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული საგამოფენო პროგრამა გრძელდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ კონსულთან იოსებ ჩხიკვიშვილთან ერთად ფრანკფურტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ეწვია და ქართველი თანამედროვე არტისტების გამოფენა „ლარა მიცავს მე. ამბები საქართველოდან“ დაათვალიერა.

ვიდეო ნამუშევრები, ფოტოგრაფია და დიზაინის ობიექტები დამთვალიერებლებს სხვადასხვა საინტერესო ისტორიას მოუთხრობენ. ექსპოზიციას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის კურატორის, მარეტ კუპკას მისტიკური ისტორია – პატარა ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი წერილი, ტექსტით – „Lara protects me“, („ლარა მიცავს მე“) რომელიც მარეტმა საქართველოში მოგზაურობისას სასტუმროს ნომერში, სრულიად შემთხვევით იპოვა და მოგვიანებით, გამოფენის სახელწოდებად აქცია.

მიხეილ გიორგაძე ფრანკფურტში, გერმანიის არქიტექტურის მუზეუმსაც ეწვია სადაც გამოფენა, სახელწოდებით „თბილისის ჰიბრიდი“ მიმდინარეობს.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს საქართველოს არქიტექტურის ერთგვარ რეტროსპექტივას სთავაზობს და საზოგადოებრივი ფორმაციების ცვლილებების ფონზე მიმდინარე ურბანული პროცესების ტრანსფორმაციას ასახავს.

გამოფენა გერმანიის არქიტექტურის მუზეუმში 29 სექტემბერს გაიხსნა და 14 იანვრამდე გაგრძელდება.

გამოფენები – „ლარა მიცავს მე – ამბები საქართველოდან“ და „თბილისის ჰიბრიდი“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შემოქმედებითი საქართველოსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში იმართება.

ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად