“ლამაზი სახურავების მხატვარი” ნიკო ნიკოლაძის ქალაქიდან – გრიგოლ ღვანიას ინტერვიუ რუბრიკაში “ამბები ადამიანებზე”

“მხატვარს თუ პალიტრა სუფთა აქვს, ე. ი მხატვარი გარდაცვლილია” -ასეთია მხატვარ გრიგოლ ღვანიას ურთიერთობა პალიტრასთან. რადგან პალიტრა ფერებითაა სავსე და ჩვენს თვალწინ ულამაზესი მინდვრის ყვავილები იქმნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა და ჩვენი რუბრიკის “ამბები ადამიანებზე” სტუმარი გრიგოლ ღვანია გახლავთ.

“ლამაზი სახურავების მხატვარი” – ასე შეარქვეს ჩვენს სტუმარს იმ ლამაზი სახურავების გამო, რომელიც მის ნამუშევრებში ხშირად შეგხვდებათ. სახურავებზე არანაკლებ ლამაზი ყვავილების შექმნის პროცესს თავად დავესწარით და ეს ვიდეოც სწორედ ამ ისტორიას ასახავს…

დავიწყოთ იქედან, საიდანაც ყველა მხატვარი იწყებს. ანუ ფუნჯის ხელში აღებიდან. ძალიან რთული პერიოდების გადალახვა მოუხდათ ხელოვან ადამიანებს, როგორი იყო თქვენი გზა, რომლითაც დღემდე მოხვედით?

ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან იწყება…ბავშვობაში თითქმის ყველა  ხატავს, შემდეგ კი სხვადასხვა პროფესიას ვირჩევთ.

ჩემთვის, მხატვრობაში გარდამტეხი პერიოდი იყო, დაახლოებით 9 წლის ასაკში, როდესაც ფოთში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მოეწყო კონკურსი პატარა მხატვრებს შორის. რადგან კარგად ვხატავი, სკოლიდან გამაგზავნეს და პირველი ადგილი ავიღე. ჟიურის წევრები  სამხატვრო სკოლის პედაგოგები აღმოჩნდნენ, რომლებმაც მითხრეს შეგიძლია ჩვენთან მოხვიდეო. რამდენიმე დღეში წავედი, მიმიღეს და აქედან დაიწყო ჩემი შემოქმებითი ცხოვრება. იმ დღიდან მოყოლებული, ფუნჯი არ გამიგდია ხელიდან.

თუმცა, იყო გარკვეული პერიოდები, როდესაც გაჩერებული ვიყავი, საერთოდ არაფერს ვქმნიდი. 90-იანი წლები ძალიან ცუდი პერიოდი  იყო, როდესაც ფაქტიურად არავის ეხატებოდა. საერთოდ სამუშაოები აღარ იყო  ქვეყანაში. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, აღარც ვხატავდი და აღარც ვმუშაობდი. მამაჩემის მეგობარმა, მხატვარმა ვალერიან რურუამ მიბიძგა, რომ ისევ დამეწყო ხატვა. ჩემი რამდენიმე ნამუშევარი შეაგროვა და წაიღო საგამოფენო დარბაზში, სადაც მოეწყო ჩემი  პირველი გამოფენა. მახსოვს,  პირველმა არხმა, ასეთი სათაურით გააშუქა რეპორტაჟი:  ტყვიების ზუზუნში მხატვარი ხატავს. ყველაფერმა ამან  მომცა სტიმული, რომ უნდა გამეგრძელებინა ხატვა.

როგორც ჩანს, ყველა მხატვრის ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებიც მას გარკვეულ სტიმულს აძლევენ

ნამდვილად მასეა, შემდეგაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ბიძგი მომცეს. მაგალითად, როდესაც ვმუშაობდი საგამოფენო დარბაზში და სამხატვრო აკადემიაში გაგრძელებას არ ვაპირებდი, ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ნახა ჩემი ნამუშევრები და მეკითხება _ აკადემია როდის დაამთავრეო. ეს იყო მხატვარი, აწ გარდაცვლილი  ანზორ ჩხაიძე, რომელიც აკადემიაში ასწავლიდა, საგამოცდო  კომისიაშიც იყო და როგორც ფოთელი ვერ გამიხსენა.  მან დიდი ბიძგი მომცა, რომ აკადემიაში სწავლა  გამეგრძელებინა.

თანამედროვე ქართული მხატვრობა საკმაოდ ნიჭიერი ადამიანებით და გამოჩენილი მხატვრებითაა  წარმოდგენილი, რომლებსაც  არა მარტო საქართველოში, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ სერიოზული აღიარება და არაერთი გამოფენა აქვთ გაკეთებული. არ ჭირს ხოლმე ასეთ დროს თავის დამკვიდრება? რა არის საჭირო იმისთვის, რომ შენი  გამორჩეული ნიშა გქონდეს?

საერთოდ, დღეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, თავის დამკვიდრება  ჭირს და შემოქმედი ადამიანი სულ ძიებაში უნდა იყოს. ფაქტიურად, ჩემთვის ყველაზე დიდი პედაგოგობაა  საკუთარ თავზე მუშაობა. როდესაც მუშაობის რიტმში, რაღაცეების ძიებაშიც ხარ, თავისთავად  შენი შემოქმედების დამფასებელიც გიჩნდება და ნელ-ნელა იმკვიდრებ ადგილს.

1991 წელს მხატვართა ჯგუფი საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და პირველი ჯგუფური გამოფენა მოაწყვეს, იქ  ჩემი ნამუშევრებიც იყო. შემდეგ იყო პერსონალური გამოფენები, როგორც ფოთში, ასევე ბათუმში, თბილისში, შემდეგ უცხოეთში,  ლიტვაში, ლატვიაში, ესპანეთში. შეიძლება ითქვას, ლიტვა ჩემი მეორე სამშობლოა,  რადგან  6 წლის განმავლობაში 25-ჯერ მიმიწვიეს.

ასე ძალიან მოეწონეთ ლიეტუველებს?

შეიძლება ასეც ითქვას. სხვათაშორის, ჩვენი საელჩოც ძალიან აქტიურად  იყო ჩართული.  ჩვენი ელჩი, ქალბატონი ხათუნა სალუქვაძე სულ მიწვევდა ხოლმე იმ ღონისძებებზე, რომელიც ქართულ დღეებს ეძღვნებოდა.

თქვენ თქვით, რომ შემოქმედი ყოველთვის რაღაცის ძიებაში უნდა იყოსო, იპოვეთ რასაც ეძებდით?

ჯერ არა. ეს არის დაუსრულებელი პროცესი. სულ ეძებ და სულ რაღაცას პოულობ, მაგრამ როდესაც თვითკმაყოფაში რჩება ადამიანი, იქ უკვე ჩერდება და ალბათ კარგიც არის, რომ ჯერ არ მიპოვია.

თანამედროვე ცნობილი ქართველი მხატვრებიდან, ყველაზე მეტად რომელია თქვენთან ახლოს?

ქართველი თანამედროვე მხატვრებიდან გამოვყოფდი, როგორც ფერმწერს, ედმუნდ კალანდაძეს, თავისი ჟღერადობით და ფერწერულობით. ასევე, მომწონს გია ბუღაძის და მამუკა ცეცხლაძის შემოქმედება.

ქალაქი ფოთი, სადაც თქვენ ცხოვრობთ და ხატავთ, ნიკო ნიკოლაძის სამშობლოა, რომლის უდიდეს დამსახურებაა ის, რომ ფოთი გახდა  კულტურული კერა. მან ქალაქის კულტურაზე, არქიტექტურაზე, ფაქტიურად ყველაფერზე  თავისი გავლენა მოახდინა. ხომ არ გეგმავთ  სასწავლო პროექტის შექმნას, ან თუნდაც იმ პერიოდის  ფოთის გაცოცხლებას  ნახატებში?

ფოთის სამხატვრო სკოლა, რომელსაც ამჟამად ვხელმძღვანელობ,  ნიკოლაძის პერიოდში აგებულ შენობაშია განთავსებული. ეს შენობა გერმანელმა არქიტექტორმა ედმუნდ ფრიკმა ააშენა, რომელიც  ნიკოლაძის მიერ იყო მოწვეული და ქალაქის დაგეგმარებაში ეხმარებოდა მას. ასე, რომ დღესდღეობით, სამხატვრო სკოლა განთავსებულია  ედმუნდ ფრიკის სახლში.

ქართუ ბანკის დახმარებით, მოხდა ამ შენობის რესტავრაცია. რამდენიმე დღეში დამთავრდება სარემონტო სამუშაოები. ქვედა სართულზე სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი გარემოა შექმნილი. ზედა სართულზე კი, ნებისმიერი დონის სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი.  მაგალითად, 2019 წელს პოლონელი და უკრაინელი მხატვრები გვყავდა მოწვეული და კოლხეთის ეროვნულ პარკში გვქონდა ლოკაციის ადგილი.  იქ ვხატავდით, რადგან მაშინ სამხატვრო სკოლა ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო. დღეს კი უკვე ყველა ის პირობა  გვაქვს, რომ ადგილზე მოხდეს ეს ყოველივე.

 როდესაც ხელოვან ადამიანებთან ვწერ ინტერვიუს, მრჩება  შთაბეჭდილება, რომ როგორი ლამაზიც არის მათი ნახატები, ისეთივე ლამაზი და მარტივი, გზა თვითდამკვიდრებამდე, სულაც არ არის. მუდმივად რაღაც წინააღმდეგობის გადალახვა არის საჭირო. გიფიქრიათ თუ არა ოდესმე, სერიოზულიხელის წამკვრელირომ გყოლოდათ, გაცილებით უფრო მეტად იქნებოდა თქვენი შემოქმედება დაფასებული?

რა თქმა უნდა, მიფიქრია ამაზე. საერთოდ, კულტურის სფეროს წარმომადგენლისთვის,  შთაგონების წყარო და გაქანების არეალიც, უფრო დიდი ქალაქებია. ალბათ, თბილისში უფრო ადრე უნდა დავმკვიდრებულიყავი და უფრო მეტის გაკეთებასაც შევძლებდი.

 გწყდებათ რამეზე გული, არის ისეთი რამ, რის გაკეთებაც გინდოდათ ვერ შესძელით?

გული არ  მწყდება ნამდვილად, რადგან თითქმის ყველა სურვილი ამიხდა. მეგობრები ხშირად მეხუმრებიან ხოლმე, იღბლიანი ადამიანი ხარო. გარკვეული პერიოდი თეატრში მხატვრად ვმუშაობდი.  კინოშიც, რეჟისორ გია კაჭარავას  ფილმის „კაცის“ მთავარი მხატვარი ვიყავი. ახლა სასწავლებელს ვხელმძღვანელობ.  სულ დატვირთული ვარ შემოქმედებითი თვალსაზრისით, პანდემიამდე სულ  საზღვარგარეთ მიწევდა გამოფენებზე გასვლა.

 თქვენს ნახატებში დიდი დოზით არის ბუნება, ეს მაინც ფოთის გავლენაა?

რა თქმა უნდა, ქალაქს, რომელსაც ზღვა, უსაშველოდ ლამაზი მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა აქვს, რომელიც თავისი ლანდშაპტით არის ერთ-ერთი უნიკალური… ერთ-ერთ პლენერზე მოხდა ასეთი კურიოზი, ბულგარელი მოქანდაკე, მხატვარი პალიასტომში ნავიდან გადამიხტა, დამტოვეთო აქ, ეს არისო ჩემი სამშობლო, მეორე ამაზონიაო.

 თუ გქონიათ მომენტი ცხოვრებაში, როცა გითქვამთ“: მორჩა, აღარ დავხატავ!

ეს მხოლოდ და მხოლოდ 90-იან წლებში იყო. ფაქტიურად სამოქალაქო ომმა გარკვეული დაღი ყველას დაამჩნია, ასევე მეც. ყველა გარბოდა ქვეყნიდან და როდესაც ადამიანი გაქცევაზე ფიქრობს, ვერც დახატავს.

ახალგაზრდა თაობაზე მინდა გკითხოთ. თქვენ ფოთში მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი ხართ, როგორი თაობა მოდის? ზოგადად ისმის საყვედურები, რომ  დაიკარგა ფასეულობები, ღირებულებები. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ვერ ვიტყოდი რომ  ასეა. მამათა და შვილთა ჭიდილი ყოველთვის იყო, მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის. თუნდაც ის აღსაზრდელები, რომლებმაც გაიარეს გარკვეული წლები ჩემთან, საუკეთესოები არიან. ბევრმა გააგრძელა მხატვრობა. მგონია, რომ დღევანდელი თაობა უფრო გახსნილია, უფრო კარგად ხედავს, კარგად აღიქვამს  და ცოტა მცდარი აზრია, რომ თითქო დღეს ფასეულობები დაიკარგა. უბრალოდ, იმ პორიოდში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანებს, თავისი ხედვა აქვთ.

 ახსენეთ სამოქალაქო ომის პერიოდი, თქვენს ნამუშევრებზე თუ აისახა რაც ხდებოდა მაშინ ჩვენს ქვეყანაში?

მართალი გითხრათ, ჩემი ფერები ძალიან ჟღერადი და ცოცხალია და ეს არ არის ჩემი სიტყვები, ამას დამთვალიერებლები და შემფასებლები მეუბნებიან.

 შემფასებელი ახსენეთ, ყველაზე ძვირფასი შეფასება ვისი შეფასებაა?

ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი არის შენი პირველი შემფასებელი, მხატვარი რომელიც შემოქმედებითად მუშაობს. არავის  არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მხატვარი მარტო მასაზე არ უნდა მუშაობდეს.

 რა უნდა შექმნას მხატვარმა ისეთი, რომ საუკუნეებს გაუძლოს?

მე მგონი, მარადიულობა არის ყველა შემმოქმედის ნატვრა და ოცნება, მაგრამ ერთეულების ხვედრია.

 თუ ყოფილა ადამიანი, რომელსაც თქვენთვის ხელი შეუშლია?

არა, არ მახსენდება…

 სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთძალინ საინტერესო იდეა თქვით, რომ ქართული მხატვრობა უნდა გახდეს ტურისტებისთვის როგორ აპირებთ ამას. იდეა, თავისთავად, ძალიან საინტერესოა, ხელოვნების ტურების მოწყობით, ნახატებით, საქართველოს კიდევ უფრო ახლოდან გავაცნობთ ტურისტებს…

რამდენიმე წელია, ჩვენს ქალაქში ჩამოდიან მოწვეული მხატვრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ვაწყობთ პლენერებს და ამ პერიოდში არა მარტო  ვხატავთ, არამედ ვეცნობით ქართულ კულტურას, ტრადიციებს, კერძებს, ფოლკლორს. ამას ყველაფერს, ერთად აღებულს და შეკრულს, განცივიფრებაში მოჰყავს უცხოელები. ჩვენ პატარა ერი ვართ,  მაგრამ ძალიან დიდი კულტურის მქონე. აქედან გამომდინარე, კიდევ დიდხანს დარჩენის სურვილი უჩნდებათ და ახლობლებსაც ურჩვენ აუცილებლად ნახონ თუ რა საოცარია საქართველო.

 არის ისეთი  ნახატი, რომელსაც ვერასდროს გაიმეტებთ გასაყიდად?

რამდენჯერ მქონია ეს განცდა, რომ აი ამას არ გავყიდი, მაგრამ მოსულა ისეთი პერიოდი, დალხინებული  არავინ არ არის დღევანდელ ცხოვრებაში, შეუთავაზებიათ გარკვეული თანხა და გამიყიდია, მაგრამ  გული დამწყდომია, რადგან იმას ხომ ვერასოდეს ვერ გავიმეორებ.

 თქვენი შემოქმედებითი გეგმები როგორია, რას აპირებთ და  რა არის მთავარი მისია თქვენს შემოქმედებაში?

ყოველდღე, რამდენიმე საათი რომ უნდა დავუთმო მხატვრობას, ეს უკვე გამოვიმუშავე. ალბათ ჩაივლის ეს პანდემიის პერიოდი და მსოფლიო გაიხსნება. მაგალითად, 2019-ში მქონდა მიწვევა გამოფენებზე გერმანიაში, ავსტრიაში, ვენაში და კიდევ ერთხელ ლიეტუვაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ეს გადაიდო.  როგორც კი პანდემია გადაივლის, პირველ რიგში, იქნება  საერთაშორისო გასვლები და ასევე, ადგილზე პლენერების, გამოფენების მოწყობა. ფაქტიურად, შემოქმედებითი ცხოვრებით ვცხოვრობ ესგარკვეული წლებია და არც ვაპირებ გაჩერებას.

 მთავარი ნახატი როგორ წარმოგიდგენიათ, რომელზეც დიდი ხანი გიფიქრიათ, რომელშიც ჩადებული იქნება მთელი თქვენი შემოქმედება?

მართალი გითხრათ, ჯერ არ მიფიქრია ასეთ რაღაცაზე. როდესაც ყოველდღე უთმობ მხატვრობას, ყოველდღიურად ხედავ ახალს და აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ძიებაში ხარ. ალბათ, მხრცოვანებაში მსგავსს დავგეგმავ.

 ლამაზია  თქვენი სურათები, თქვენეული აღქმა ბუნების  და ამ სილამაზეს ურიგებთ ადამიანებს, გრძნობთ ხოლმე შემდეგ ამ ემოციებს, როდესაც ამ ადამიანებს ხვდებით?

ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, თუნდაც, შევსულვარ საგამოფენო სივრცეში და მეპატრონეს ვიღაცისთვის გავუცნივარ, აი თქვენ ამის ნამუშევრები გაქვთო.  ძალიან მიყვარს ამ ბოლო პერიოდში სახლის სახურავების ხატვა და ლამაზი სახურავების მხატვარი დამარქვეს.

 თქვენამდე ვიყავი ინტერვიუზე  ზურაბ (პიკო) ნიჟარაძესთან, რომელმაც კითხვაზე:რა არის თქვენთვის მშვენიერება, მან მიპასუხამშვენიერება არის სიმართლე. თქვენთვის რა არის მშვენიერება?

სრულიად ვეთანხმები. სისადავეში და სიმარტივეშია სწორედ მშვენიერება. გადატვირთული თუნდაც სახლის გარემო რომ ავიღოთ, მძიმე შეგრძნებას იწვევს. ზოგადად, სისადავეშია მშვენიერება. ზედმეტად გადაპრანჭული ქალიც არ არის ლამაზი…

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...