ლალი მოროშკინა ანა სუბელიანს: 70-იანელებს ისეთები გვაქვს გადატანილი, სკოლაში ყოველი შესვლისას ჯვარს გვწყვეტდნენ

"მადლობა გადავუხადე პოლიციას, მართლა ყველაფერი კარგად ჩატარდა დღეს, მაგრამ ერთი ხელით ამას აკეთებს პოლიცია, მეორე ხელით ყველაზე პრივატულ და დაცულ სივრცეში გივარდება, გაწიოკებს და ძალადობს შენზე", – ამის შესახებ სამოქალაქო ატივისტმა, ანა სუბელიანმა, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად", "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ამაზე ახალგაზრდების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა. 

"მე, უბრალოდ ჩემს თავისუფლებას, ჩემს პირად ინტერესებს ვიცავ და მე ამ ინტერესებით არავის არ ვეხები, არავის სივრცეში არ შევდივარ. როგორ შეიძლება მე ამის გამო ვინმემ მტრად აღმიქვას და გარკვეულ ძალებს ძალიან აწყობთ რომ საზოგადოებისგან შექმნან მტრის ხატები. აწყობთ, რომ ეს ლგბტ ჯგუფი თუნდაც, ან ადამაინები, რომლებიც ითხოვენ, რომ ნარკოპოლიტიკა განათლებაზე და ჯანდაცვაზე იყოს ორიენტირებული და არა დასჯაზე. ძალიან ადვილია, რომ ეს ადამიანები, რაღაც მეთოდებით, მტრებად დახატონ იმ ჯგუფებისთვის. მადლობა გადავუხადე პოლიციას, მართლა ყველაფერი კარგად ჩატარდა დღეს, მაგრამ ერთი ხელით ამას აკეთებს პოლიცია, მეორე ხელით ყველაზე პრივატულ და დაცულ სივრცეში გივარდება, გაწიოკებს და ძალადობს შენზე", – განაცხადა ანა სუბელიანმა, რაზეც პიარტექნოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა შეეკამათა: 

"ახლა, ანა რასაც ჰყვებოდა, მეცინებოდა რატომ იცით?! ჩვენ ისეთი გვაქვს გადატანილი 70-იანელებს, სკოლაში, ყველა შესვლაზე რომ ჯვარს გვწყვეტდნენ კისრიდან. მე პირველი წიგნი მივუძღვენი პირველი ექსპერიმენტული სკოლის კოშმარებს. ყოველ დილით, არ ეზარებოდათ, გვწყვეტდნენ ჯვრებს, მერე ყოველ საღამოს ჩვენს ხელნაკეთ ჯვრებს ვიკეთებდით, მივდიოდოით სკოლაში და ეს იყო შეურიგებელი ბრძოლა კომუნისტურ რეჟიმთან. როცა მე ვიყავი ფრიადოსანი, სამჯერ გამაგდეს და ბოლოს, ღამის სკოლა დავამთავრე. ასე იყო ყველა ის ადამიაი, რომლებიც კომუნისტურ რეჟიმს ვიბრძოდით. მუსიკას ვერ მოუსმენდი იმის გარეშე, ვინმე რომ არ შემოგვარდნოდა", – აღნიშნა მოროშკინამ, რაზეც ანა სუბელიანი დაეთანხმა: "კი ბატონო,  ესეც იყო ბრძოლა ღირებულებების, იდენტობის წინააღმდეგ". 

ლალი მოროშკინამ ისევ კომუნისტურ რეჟიმზე განაგრძო საუბარი, რომ "როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს თავში ის აზრი მოსვლოდა, ყავისფერ კაბას შავი წინსაფარი ჰქონოდა, რითიც ასოცირებული იყავი მიცვალებულთან,.ამ ფორმას ვებრძოდით და ზოგადად, კომუნისტურ რეჟიმს ვებრძოდით", – განაცხადა მოროშკინამ, რის შემდეგაც სიტყვა ანა სუბელიანმა შეაწყვეტინა:

"მაპატიეთ, რომ გეჭრებით, მაგრამ იცით რა მწყინს?! თითქოს ეს ემსგავსება რაღაც თაობათა დაპირისპირებასაც", – აღნიშნა სუბელიანმა, რაზეც მოროშკინა შეეკამათა:

"სრულებითაც არა, ამ აქციაზე იდგა ჩემი შვილი, მეც ვაპირებდი მისვლას, სანამ არ დავინახე ერთი-ორი ადამიანი, რომელიც იყო "ნაციონალური მოძრაობის" ავთენტურობა და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო იქ დგომა", – განაცხადა მოროშკინამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად