ლაგაზიძე: ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება ქართული საგუშაგოს მიმართულებით იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მიმართავს, გავრცელდეს ერთობლივი მიმართვა რუსეთის პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს:

“მოგმართავთ მეგობრებო, კოლეგებო, ექსპერტული წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებო, აქტივისტებო: გავავრცელოთ ერთობლივი მიმართვა საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო მისიების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-ის და ევროკავშირის მისამართით, რომ ხმა აიმაღლონ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუშინდელი განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, იყო უკბილო და უხერხემლო და არაფრისმომცემი. საერთაშორისო საზოგადოებამ მკვეთრად უნდა დაუფიქსიროს რუსეთს, რომ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება განხორციელებული ქართული საგუშაგოს მიმართულებით იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და განხორციელდება შესაბამისი სანქციები. ჩვენ კი ჩვენდათავად ღიად და მკაფიოდ დავუფიქსიროთ ჩვენს სტრატეგიულ პარტიორებს, რომ ამ ვითარებაში საქართველოს დატოვება ევროკავშირის მისიის მსგავსი არაფრისმთქმელი განცხადებების ამარა, ჩვენი მხრიდან აღიქმება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაწირვა. დღეს ჩვენი ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს ყველამ უნდა დაინახოს”- წერს ხათუნა ლაგაზიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად