ლადო პაპავა: ონლაინ კაზინოებზე პრემიერის ინიციატივას მივესალმები… გასარკვევია მომავალში როგორ მოხდება მისი აკრძალვა

ონლაინ კაზინოებზე პრემიერის ინიციატივას მივესალმები… გასარკვევია მომავალში როგორ მოხდება მისი აკრძალვა, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში პროფესორმა ლადო პაპავამ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

“რა თქმა უნდა პრემიერის გადაწყვეტილება შესაბამის ბაზარზე იმოქმედებს, მაგრამ აქ მთავარი ამ ბაზრის პრობლემა არ არის. ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს თემა სოციალური კუთხით. განსაკუთრებით მწვავეა ახალგაზრდების პრობლემა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია ონლაინ თამაშებში, თანაც მათი ინტერესების სფეროც არ არის ადეკვატური იმისა, თუ როგორი იქნება მათი ცხოვრება და რამდენად იქნებიან ისინი  მომავალში წარმატებულები.

აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს სფერო გაკონტროლდეს. მივესალმები გადასახადების ზრდას და ასევე მივესალმები იმას, რომ მისადმი წვდომა ნებადართული იყოს 25 წლის ზემოთ. საბოლოოდ კი მიზანია ამ სფეროს აკრძალვა. თუმცა, აქ ერთი პრობლემაა, თუ როგორ მოხდება ეს ტექნოლოგიურად – ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა ლადო პაპავამ, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, პრემიერმა დღეს განაცხადა: ავზარდოთ გადასახადები ონლაინ კაზინოებისთვის, აიკრძალოს რეკლამა – მეორე ეტაპზე კი ონლაინ კაზინო.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...