ლადო მგალობლიშვილი: 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში ახალი, 540 მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო კორპუსი შენდება

აჭარის ავტომომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან და რესურსცენტრის უფროსთან გოჩა დავითაძესთან ერთად, ბათუმში მე-6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა მოინახულა.

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, თავისი მოცულობითა და ინფრასტრუქტურით ეს პრაქტიკულად ახალი სკოლა იქნება.

ბათუმში, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, საჯარო სკოლის ახალი კორპუსი არ აშენებულა. 2010-2011 წლებში დაინგრა ორი – მე-3 და მე-6 სკოლა, რამაც უკიდურესად გადატვირთა ქალაქის დანარჩენი სკოლები.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, 2016 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობაში გაჩნდა იდეა, რომ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე აშენებულიყო ახალი სასწავლო კორპუსი. ამ პერიოდში უწყებაში სახელმწიფო შესყიდვებს კურირებდა მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი. იმ დროინდელი მინისტრისა და პირველი მოადგილის უშუალო მხარდაჭერით, პროექტის შესყიდვა გაითვალისწინეს სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში, ხოლო 2018 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტმა, ლადო მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, აჭარის ბიუჯეტის განხილვის დროს რეკომენდაცია გასცა ახალი კორპუსის მშენებლობაზე.

2019 წლის ბოლოს დაიწყო მე-6 სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა. პროექტის მიხედვით, 540 მოსწავლეზე გათვლილ 3-სართულიან ადაპტირებული შენობაში განთავსდება სასწავლო, საგნობრივი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო.

ამავდროულად, განახლდება არსებული ძველი კორპუსის სახურავი და ფასადი, კეთილმოეწყობა მთლიანი ეზო. აქვე განთავსდება ღია სპორტული მოედანი ტრიბუნებით. სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 2 890 062 ლარია, 2021 წელს დამთავრდება. ამ დროისათვის დასრულებულია საძირკველი და პირველი სართული. მიმდინარეობს მეორე სართულის კონსტრუქციული სამუშაოები.

ლადო მგალობლიშვილის შეფასებით, აღნიშნული კორპუსის მშენებლობა ბათუმის ცენტრში ნაწილობრივ გადაჭრის გადატვირთულობის პრობლემას. ამასთან, ეს არის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის, რისთვისაც დეპუტატმა მადლობა გადაუხადა მინისტრს – მაია ხაჯიშვილს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად