ლადო კახაძე: „ფეისბუქში“ მომწერა ერთმა ასულმა, შენ რანაირი ექიმი ხარ, პირბადის ტარებას მოგვიწოდებ და გვაძალებო

ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენისას განაცხადა.

ლადო კახაძის თქმით, იმისათვის, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვაქცინაციასთან ერთად წარმატება იყოს მიღწეული და შესაძლებელი გახდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება, პირბადე მოსახლეობის არანაკლებ 95%-მა უნდა ატაროს და ამჟამად, ეს მაჩვენებელი 75%-ია.

“დღეს ფეისბუქში მომწერა ერთმა გოგომ, ასულმა, არ მინდა კნინობითი ფორმით გამომივიდეს. შენ რანაირი ექიმი ხარო, პირბადის ტარებას მოგვიწოდებ და გვაძალებო… დიახ, ექიმთან რომ მოდიხარ, ექიმი იმას არ გეტყვის, რაც შენ გესიამოვნება. ექიმი სწორ დიაგნოზს დაგისვამს, ზოგჯერ ნემსს გაგიკეთებს, ზოგჯერ ოპერაციას შემოგთავაზებს, იმისათვის, რომ ეს ოპერაცია შენ წინ დაგხვდეს სწორად გაკეთებული, რომ პრევენციულად, მერე გართულებაში არ ამოყო თავი და რეციდიულად, რამე თავს არ დამართო. ექიმს ფიცი აქვს დადებული “არა ავნო რა” პრინციპიდან გამომდინარე. შეიძლება ყოველთვის ვერ დაეხმაროს, მაგრამ არ უნდა ავნოს. ბატონო არჩილ, თქვენ რომ ბიურო დაამთავრეთ, შესანიშნავი ინერცია მომეცით, თქვენ მოუწოდეთ ბიუროს წევრებს, პირბადე ატარეთო რა, გთხოვთო… პირბადე იმიტომ, რომ ნებსით თუ უნებლიედ, შენ, ადამიანო, შენი თავიც დაიცვა და სხვა არ დააზიანო”.

შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, ზაზა ლომინაძის, რამინა ბერაძის და ლადო კახაძის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, პანდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...