ლადო ბურდული: ამ პროექტის საშუალებით ჩემპიონატს კარგი გუნდები ეყოლება

"ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოსთვისა და ქართული ფეხბურთისთვის არის ის, რომ როგორც იქნა ეს პროექტი დაიწყო", – განაცხადა ბოლნისის "სიონის" დირექტორმა ლადო ბურდულმა ფეხბურთის განვითარების 5 წლიანი გეგმის პრეზენტაციის შემდეგ "აიპრესთან" საუბრისას.

"განვითარების გეგმა პირველადი შეხედულებით ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, პროცესში უკეთ გამოჩნდება დადებითი მხარეები თუ ხარვეზები.

ყველაზე მეტად ალბათ ციფრები აინტერესებდა საზოგადოებას და მგონია, რომ ეს იყო სოლიდური ციფრები, თუნდაც იმიტომ, რომ 4 წლის განმავლობაში ბოლნისის "სიონის" დირექტორი ვარ და იმ სტაბილური გუნდითა და მუშაობით შეიძლება ჩვენნაირმა ნორმალურმა გუნდმა 2-3 მილიონამდე მოაგროვოს ბიუჯეტი, აქედან გამომდინარე, სწორი მუშაობით, სწორი გვერდში დგომით მთავრობის მხრიდან, უდიდესი პროექტი გაკეთდა.

რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გააკრიტიკებენ ამ პროექტს, გვჩვევია წინასწარი კრიტიკა, თუმცა მე მოვუწოდებ ყველას, რომ დაველოდოთ. ძალიან კარგი დასაწყისია, იდეალური ყველა გუნდისთვის, სუფთა თამაშის წესებია და ვინც გაძლებს ამაში და ვინც გამოავლენს მენეჯერულ მხარეებს, ვნახეთ, რაოდენ კარგი გუნდი შეიძლება გვყავდეს, თუნდაც საქართველოს პირობებში", – განაცხადა ლადო ბურდულმა.

"აიპრესის" კითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის, როგორც კლუბის დირექტორისთვის 10 გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება, ლადო ბურდულმა აღნიშნა, რომ ლიგების მიხედვით გადანაწილებული დაფინანსებით, PRO ლიგა 1-ისა(უმაღლესი ლიგა) და PRO ლიგა 2-ის(პირველი ლიგა) გუნდები ფაქტობრივად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

"მე ამას ვუყურებ, როგორც 20 გუნდიან ჩემპიონატს, არა 10 გუნდიანს. ნახეთ პირველი ლიგა, ანუ PRO მე-2 ლიგაში რამხელა დაფინანსებებია, პრაქტიკულად არ განსხვავდება უმაღლესი ლიგისგან, ანუ PRO პირველი ლიგისგან. თუ სწორად მივუტანთ ამას გულშემატკივარს, თუ სწორი თვალით შევხედავთ, ეს არის უკვე 20 გუნდიანი და არა 10 გუნდიანი ჩემპიონატი და ძალიან დიდი სტიმული ექნება მეორე 10 გუნდს, რომ პირველ 10 გუნდს შორის მოხვდეს", – აღნიშნა ლადო ბურდულმა.

შეგახსენებთ, რომ Pro ლიგა 1-ში საბაზისო დაფინანსება 1 მილიონი ლარი იქნება. სტიმულირება 500 ათასი, ხოლო პრემიის სახით გუნდებზე 6 მილიონი ლარი გადანაწილდება საპირზო ფონდი კი 6 მილიონ ლარს შეადგენს. PRO ლიგა 2-ში კი საბაზისო თანხა კლუბებისთვის 700 ათასი ლარი იქნება, სტიმულირება კი 30 ათასი. პრემიის სახით კი გუნდებზე 3 მილიონი ლარი გადანაწილდება.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...