ლადო ბოჟაძე: ვინმეს თუ ჰგონია, 16 მარტს ღარიბაშვილი რიგგარეშე არჩევნების თარიღით უნდა ჩავიდეს ბრიუსელში, ძალიან შემცდარა

ვინმეს თუ ჰგონია, რომ 16 მარტს ღარიბაშვილი რიგგარეშე არჩევნების თარიღით უნდა ჩავიდეს ბრიუსელში, ძალიან შემცდარა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა.

„ექვსპუნქტიან გეგმაში წერია – ვნახოთ ფასილიტაციის და მოდერაციის პროგრესი, რა დონეზე ვართ და ნურავინ იფიქრებს, რომ 16 მარტს რამე უნდა დასრულდეს. 16 მარტს ჩვენ უნდა ვანახოთ, რომ ცივილიზებული ერი ვართ და იმისთვის, რომ მხარეები მაგიდასთან დასხდნენ, ჩამოსვლა კიდევ არ დასჭირდეს შარლ მიშელს, რომელიც სხვათა შორის, ამ ქვეყანაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა და არა სამადაშვილის მოწვევით“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს წაგებული არჩევნების შემდეგ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებს არჩევნების რწმენა დაუკარგოს.

„იმიტომ, რომ ის სწორედ არჩევნებით დამარცხდა და მათი ხელისუფლებაში დაბრუნება სწორედ არჩევნებით ვერ მოხერხდება, ვერასოდეს. ამიტომ არის ასეთი სცენარი – საზოგადოება დავაჯეროთ, რომ არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, პლებისციტს აზრი არ აქვს, თვითმმართველობის არჩევნებიც არ ჩავატაროთ და ა.შ. ამიტომ, მთელი სცენარი მიდის იმისკენ, რომ ქვეყანაში მუდმივად დაძაბულობა და ქაოსი იყოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პირველ ნოემბერს საზოგადოებას და დასავლეთს დაეჯერებინა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. ნიკა მელიას მიერ პირველ ნოემბერს მოხსნილი სამაჯური სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ ტემპერატურა აწეულიყო და უფრო მეტი ადამიანი მისულიყო, მაგრამ პირველ ნოემბერს ეს სცენარი არ გამოვიდა. მერე ვნახეთ 8 ნოემბერი, როცა მსოფლიომ არჩევნები აღიარა და მერე დაიწერა ასეთი სცენარი – მოდი, ნიკა მელია გახდება პარტიის თავმჯდომარე, მოდი, გირაო არ გადავიხადოთ და სახელმწიფო გამოვიწვიოთ. ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი წერია ფურცელზე და ამის გასაღები იცით, რა არის?!- 40 000 ლარი, რომელიც დღესვე რომ შეგროვება დავიწყოთ, ხვალ 12 საათზე გადახდილი იქნება და ნიკა მელია პირველ საათზე სახლში იქნება, მაგრამ გგონიათ, ეს ხალხი თანახმაა? არა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ნიკა მელია იქ უნდა იჯდეს და ამათ ილაპარაკონ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თურმე, ოპოზიციის ლიდერი დააკავა. ოღონდ, რატომ დააკავა, ამას არავინ იკითხავს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...