კვიპროსის ხელისუფლება, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ყველაზე მკაცრ საკარანტინო რეჟიმს აწესებს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამწვავების გამო, კვიპროსის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა დააწესოს ყველაზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, რაც კი ოდესმე ყოფილა ქვეყანაში COVID19-ის გავრცელების დღიდან. ამის შესახებ მთავრობის სხდომის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა, კონსტანტინოს იოანუმ განაცხადა.

ახალი რეჟიმი ორი კვირა გაგრძელდება – 26 აპრილიდან 9 მაისამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, კომენდანტის საათი დაიწყება 21.00 საათზე და დასრულდება მეორე დღეს 5.00 საათზე. დაიხურება ყველა სავაჭრო ცენტრი, რესტორანი და კაფე, მაგრამ კვების ობიექტებს შეეძლებათ საკვების გაყიდვა სახლში მიტანის სერვისით. სპეციალურ ნომერზე SMS-ის გაგზავნის შემდეგ სახლიდან გასვლა დღეში მხოლოდ ერთხელ იქნება ნებადართული, თუმცა ეს შეზღუდვა არ შეეხება სამსახურში წასვლას, ექიმთან ან ვეტერინართან ვიზიტისა და აფთიაქში მისვლის სიხშირეს.

დაიხურება თეატრები, კინოთეატრები, სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, საცეკვაო და მუსიკალური სკოლები. 10 ადამიანზე მეტს არ შეეძლება მიიღოს მონაწილეობა ქორწილებში, ნათლობებსა და დაკრძალვებში. საეკლესიო მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება, გარდა აღდგომის მსახურებისა 1 მაისიდან 2 მაისის ჩათვლით. ამ დღეს ტაძარში 50-მდე ადამიანს შეეძლება შესვლა. კომენდანტის საათი იმ ღამით ოთხი საათის შემდეგ დაიწყება. ასევე ამ დღეებში, მრევლს შეეძლება ეკლესიის მახლობლად ღვთისმსახურების დროს შეიკრიბოს, საჭირო სანიტარული ოქმების შესაბამისად. სხვა დროს, აიკრძალება ნებისმიერი სოციალური მოვლენა. კერძო კომპანიებში პერსონალის არაუმეტეს 20% შეძლებს უშუალოდ სამუშაო ადგილზე მუშაობას.

კვიპროსში ინფიცირებულთა ყოველდღიური ზრდა 1 ათას ადამიანს უახლოვდება და, ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო კომიტეტის წევრების თქმით, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, იგი ამ ზღვარს გადააჭარბებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...