კურტანიძე: თუ ვინმე სამართლიანობის აღდგენას ხელს შეუშლის, ვერავინ გამაჩერებს

„მთავარ პროკურორსაც ვუთხარი, რომ თუ გამომძიებლების რაოდენობა საკმარისი არ არის, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი რიცხოვნობა გაიზარდოს და მათი ბიუჯეტიც გაიზარდოს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს“, – ამის შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ წევრმა ლუკა კურტანიძემ ისაუბრა.

კურტანიძის ინფორმაციით, გამომძიებლები დღე და ღამე მუშაობენ, მაგრამ პროკურატურაში იმდენი საქმეა შესული, რომ მათ გამოძიებას ვერ აუდიან. 

„პრეტენზიები, როგორც მოქალაქეს მაქვს იმ მხრივ, რომ უფრო ჩქარა მიმდინარეობდეს პროცესი. მინდა, რომ ძალიან გახმაურებელი, ტკივილიანი საქმეები გაიხსნას. თუ ვინმე ამის ხელშემშლელი იქნება, ვერავინ ვერ გამაჩერებს და ვერავინ ვერ ამომიკერავს პირს, რომ ჩემი სათქმელი არ ვთქვა. 

მთავარ პროკურორსაც ვუთხარი, რომ თუ გამომძიებლების რაოდენობა საკმარისი არ არის, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი რიცხოვნობა გაიზარდოს და მათი ბიუჯეტიც გაიზარდოს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. შიდა სამზარეულო კარგად ვიცი, ახალი ნაკადიდან ბევრი მეგობარი მყავს და ვიცი, რომ დღე და ღამე გასწორებული აქვთ, მაგრამ ვერ აუდიან საქმეების გამოძიებას იმდენი საქმეა შესული.  ამიტომ, თუ რაოდენობის დამატებაა საჭირო, პარლამენტი პროკურატურას ყველანაირად მხარში დაუდგება“, – განუცხდა კურტანიძემ „აიპრესს“. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...