კურორტ „ბეშუმის“ მიმდებარედ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

წელს, პირველად აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განხორცილდა გოდერძის უღელტეხილის ეთნო-არქეოლოგიური კვლევის პროექტის შემუშავება.

კურორტ „ბეშუმის“ მიმდებარედ, ადგილ „ნაქალაქარზე“ არქეოლოგიური-სადაზვერვო სამუშაოები განხორცილდა. გათხრებში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები.

არქეოლოგიური უბანი ადგილზე დაათვალიერა და ახალ აღმოჩენებს გაეცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ზაურ ახვლედიანთან ერთად.

ბეშუმი, კერძოდ „ნაქალაქარის“ ძველი ნამოსახლარები დაახლოებით XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ამ ეტაპზე გათხრები მიმდინარეობდა ნაქალაქარის მეორე და მესამე სამოსახლო ბორცვებზე.

აღმოჩენილია მშრალი, დაუმუშავებელი ქვის წყობით ნაგები სათავსების კომპლექსები, სადაც დაფიქსირდა იატაკზე დაძერწილი მრგვალი ფორმის კერა, თონე, სამეურნეო ორმოები, ქვისა და თიხის ღუმელები. ასევე, აღსანისნავია მრავალფეროვანი საყოფაცხოვრებო კერამიკა. აღმოჩენილი სამოსახლოები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დაგეგმარებისა და სამშენებლო ინჟინერიის თვალსაზრისითაც.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, აჭარის მთავრობის მიზანია გოდერძის უღელტეხილზე შეიქმნას კულტურული ტურიზმის განვითარების ფართო პერსპექტივები და აჭარის მთა უფრო მიმზიდველი გახდეს ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისათვის.

2019 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელშეწყობით რეგიონში არქეოლოგიური გათხრების რამდენიმე უბანზე დაფინანსდა, რისთვისაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 115 000 ლარი.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...