კუპრაშვილი: “იმედზე” აგვისტოს ომზე ფილმამდეც გვხვდებოდა პროდასავლური და რუსული ნარატივის რეპორტაჟებიც

“იმედზე” აქამდეც იყო პრობლემური რეპორტაჟები, ეს არ რის გამონაკლისი”, – ასე პასუხობს “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი “აიპრესის” კითხვას იმაზე, რომ “იმედის” ეთერში აგვისტოს ომზე გავიდა ფილმი, რამაც საზოგადოება აღაშფოთა. ფილმს არხის ჟურნალისტების მნიშვნელოვანი ნაწილიც გაემიჯნა და ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჟურნალისტების პროტესტს შედეგი მოაქვს.

“ჩვენ აქამდეც გვხვდებოდა როგორც მკვეთრად პროდასავლური, ასევე ხანდახან რუსული ნარატივით გაჯერებული შინაარსიც. შეგვიძლია ასეთი შედარება გავაკეთოთ, რომ თუ “რუსთავი 2″-ზე იყო მონოლითური, ერთგვაროვანი აზრების სარედაქციო პოლიტიკა, იმედზე ჩვენ ვხედავდით შიდა პლურალიზმს. ვხედავდით, რომ იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც სხვაგვარი ტიპის რეპორტაჟებს აკეთებდნენ. ვერ ვიტყვით, რომ ერთგვაროვანი სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდათ და ყველა ამას ემორჩილებოდა. ეს ცუდია თუ კარგი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ შიდა პლურალიზმი არსებობდა. გამოჩნდა, რომ ადამიანებს აქვთ დისკომფორტი და ეს კარგია, მაგრამ ცუდია, რომ ჟურნალისტებს არ აქვთ არჩევანი და გვაქვს პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია ორგანიზაციები, როგორც ძირითადი მაუწყებლები”, – ამბობს კუპრაშვილი.

კითხვაზე, ჟურნალისტებმა უფრო მეტად ხომ არ უნდა გამოვთქვათ პროტესტი იმაზე რაც არ მოგვწონს, თუნდაც ჩვენივე მედიაორგანიზაციებში, რათა მეტ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ? – რაზეც ნათია კუპრაშვილი პასუხობს:

“ინდივიდების პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იმაზე, რომ მეპატრონე როგორც გადაწყვეტს… ახლა როდესაც გუნდი ვერ დაიმორჩილეს, სწორედ იმიტომ გაუშვეს “რუსთავი 2″-დან. ანუ ინდივიდებზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ჩვენ ყველა არხზე გვყავს ჟურნალისტები და ყველა მედიასაშუალებაში, როცა ეს ჟურნალისტები შინაგანი თავისუფლების მატარებელი ჟურნალისტები არიან და ცდილობენ თავისი წილი პასუხისმგებლობით იმუშავონ. საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ პატივისცემა რჩება. ამიტომ, ვისაც უნდა შინაგანი თავისუფლებით იმუშავებს, ვისაც არ უნდა, იქნება მორჩილი და მონა”, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

შეგახსენებთ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში გასულ ფილმს საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა, რადგან ფილმი რუსული ნარატივის ხაზის იყო. მას არხის ჟურნალისტების მნიშვნელოვანი ნაწილიც გაემიჯნა. მასზე პასუხისმგებლობა კი გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო და თქვა, რომ რეპორტაჟი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მომზადდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად