კუმისში ხანძრის შედეგად 2 საცხოვრებელი სახლი და 3 დამხმარე ნაგებობა დაიწვა

კუმისში ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ, „აიპრესს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს პრესსამსახურში აცხადებენ, ხანძრის შედეგად დაზარალებულები არ არიან, თუმცა დამწვარია 2 საცხოვრებელი სახლი და 3 დახმარე ტიპის ნაგებობა.

ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს 40 წუთი დასჭირდათ. სალიკვიდაციო სამუშაოებზე 120 მეხანძრე მაშველი, 15 ავტოცისტერნა და 2 სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო მობილიზებული.

სავარაუდოდ, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია.

„კუმისიდან შეტყობინება 12:23 საათზე შემოვიდა და შეტყობინების მიღებიდან 20 წუთში კუმისის განყოფილებიდან პირველი სახანძრო მანქანა შემთხვევის ადგილზე უკვე გასული იყო. დაშავებული, დაზარალებულები არ არიან. გაკვამლიანება იყო იქ, ფაქტობრივად ვერტმფრენები რომ მოვიდნენ, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებული იყო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ზემოდან მთელს ტერიტორიას დაასხეს წყალი რაიმე კერა რომ არ ყოფილიყო დარჩენილი. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს, თუმცა შემთხვევა სავარაუდოდ დაუდევრობის გამო მოხდა“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს პრესსამსახურში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად