კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: ფიტარეთში დაზიანებების ხარისხი მასშტაბური არ არის

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ფიტარეთში ტექნიკის მუშაობის შედეგად დაზიანებების ხარისხი მასშტაბური არ არის. როგორც "აიპრესს" სააგენტოში განუცხადეს, სასულიერო პირებს მიეცემათ წერილობითი გაფრთხილება, რომ უნებართვო სამუშაოები არ აწარმოონ.

"ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი იყო ადგილზე. იქ განსაკუთრებულ დარღვევებს ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებთან ერთად დავათვალიერეთ ადგილი.ერთადერთი ხაროს თავი არის მოშლილი, რაზეც საუბრობდა საყდრისის კომიტეტი. ეს არის ძველი ბზარი და ამ სამუშაოების შედეგად არ არის დაზიანებული. ჩვენ გვექნება წერილობითი გაფრთხილება სასულიერო პირების მიმართ, რომ ასეთი ქმედებები დაუშვებელია და უნებართვოდ ასეთი ქმედებები არაფრით არ შეიძლება. დანარჩენი სპეციალიზებული, კვალიფიცირებული დასკვნა ჩვენი ჯგუფის მიერ დღის ბოლომდე გავრცელდება. თვითონ საყდრისის კომიტეტის წევრებიც დარწმუნდნენ, რომ ხარისხი დაზიანების არ არის მასშტაბური",- აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

"საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით, თუ, ფიტარეთში არსებული დაზიანებების გამოსწორება შეუძლებელი იქნება და გამოვლინდება სისხლის სამართლის დანაშაული, ისინი შესაბამისი ორგანოებისგან მკაცრ რეაგირებას მოითხოვენ.

ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ დაზიანებები ადგილზე შეინიშნება, თუმცა ექსპერტების საბოლოო დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს დაგეგმავენ. 

"გუშინ ვიყავით ფიტარეთში. ადგილზე შექმნილი სიტუაცია სასიამოვნო სანახავი არ არის, ძალიან მძიმე სანახავია და ამას იქ მყოფი ექსპერტებიც ადასტურებდნენ. პირველად დათვალიერება მოხდა სავარაუდო დაზიანების ადგილების. რაც შეეხება ისტორიულ ხაროს, ის არის გადახდილი, რაღაც გარკვეული დაზიანება შეიძლება იყოს, თუმცა ეს არის პირველადი დათვალიერება. ასევე, სააგენტოს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო არქიტექტორი და მან თქვა, რომ სახეზეა მიწის ამოღების ფაქტი, თუმცა ვრცელი განმარტებები არ გაუკეთებიათ. მათ უბრალოდ თქვეს, რომ დასკვნას ვიხილავდით. ჩვენი ემოციები ერთია, მაგრამ მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ ექსპერტები. თუ დაზიანებები ისეთი მნიშვნელოვანი არ იქნება და აღდგენაც შესაძლებელი იქნება, მაშინ, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვართ მოტივირებული, რომ მაინცდამაინც ვიღაც ციხეში წავიდეს, მაგრამ თუ დაზიანებები იქნება ისეთი, რომ სახეზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დაზიანებების გამოსწორება შეუძლებელი იქნება, მაშინ, მოვითხოვთ ძალიან მკაცრ რეაგირებას. თვითონ სააგენტოშიც ადასტურებენ, რომ ტერიტორიაზე ჩატარდა უნებართვო სამუშაოები, რომლებმაც დაზიანებები გამოიწვია, ასეთი ფაქტები თუ კიდევ განმეორდება, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დავაკისრებთ. ასე, რომ ველოდებით დასკვნას, შემდეგ შევხდებით სააგენტოს წარმომადგენლებს და გადავწყვეტთ რა იქნება ჩვენი სამომავლო ნაბიჯები",- აცხადებს "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" წევრი ნინო ბურჭულაძე.

კომპანია "არემჯიში“ "აიპრესს“ განუცხადეს, რომ ფიტარეთის ტერიტორიაზე ისინი არანაირ სამუშაოს არ აწარმოებენ. მათივე თქმით, კომპანიამ საკუთარი ტექნიკა ადგილზე მოღვაწე სასულიერო პირებს ათხოვა.

"ფიტარეთის ტერიტორიაზე კომპანია სამუშაოებს არასდროს აწარმოებდა. ჩვენი ტექნიკა იქ მუშობდა სასულიერო პირების თხოვნის საფუძველზე. როგორც თავად ამბობენ, ეკალბარდების გაწმენდითი სამუშაოების მიზნით კომპანიამ ათხოვა მონასტერს ტექნიკა, და ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ იმ სამუშაოებზე რაც იქ გატარდა, რადგან ეს იყო კეთილი ნება კომპანიის“,- აცხადებენ კომპანიაში. 

ცნობისთვის, "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" განცხადებით, დაახლოებით 10 დღის წინ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე კომპანია "არემჯი გოლდის" კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო. მათი თქმით, მძიმე ტექნიკის მუშაობამ მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი და მის მიმდებარედ ჯერ კიდევ მეცნიერულად შეუსწავლელი ხარო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად