კულტურის სამინისტრო “ოსკარზე” გამგზავრებული მსახიობების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს

კულტურის სამინისტრო ოსკარის ცერემონიაზე დასასწრებად გამგზავრებული ქართველი მსახიობების სტამბოლის აეროპორტში შექმნილი შეფერხების მოგვარებისთვის მუშაობს,-ამის შესახებ "აიპრესს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს. 

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ოსკარის ცერემონიაზე დასასწრებად გამგზავრებული ქართველი მსახიობების სტამბოლის აეროპორტში შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უკვე ესაუბრა ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულ ირაკლი ასაშვილს, რომელიც უკვე დაუკავშირდა ქართველ მსახიობებს. სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რომ დროულად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა და მსახიობები უმოკლეს დროში გაემგზავრონ დანიშნულების ადგილზე",-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ოსკარის" ცერემონიაზე დასასწრებად ქართველი მსახიობები დღეს გაემგზავრნენ. საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციის ხუთეულში ქართულ-ესტონური ფილმი "მანდარინები" დასახელდა.

"ვითხოვ სასწრაფოდ დახმარებას, სტამბულის აეროპორტში უკვე 20 საათზე მეტია, ჩავრჩით საშინელი დიდთოვლობის გამო, ყველა რეისი გადადებულია გაურკვეველი ვადებით, თოვლი იმატებს და იმატებს, გამოიჩინეთ გულისხმიერება, რომ ჩავაღწიოთ ოსკარზე. წინასწარ მადლობას გიხდით", – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მსახიობი ია სუხიტაშვილი.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად