კულტურის სამინისტრო: “არტისტერიუმი 2016” გამოფენით “მოკალი ბუდა!” გაიხსნება

დღეს თბილისის ისტორიის მუზეუმში "ქარვასლა", თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 9 / 2016“, ჯგუფური გამოფენით "მოკალი ბუდა!“ გაიხსნება,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

წელს ფესტივალი მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის “Check in Georgia”- ს ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 4 ნოემბრიდან  14 ნოემბერის ჩათვლით გაიმართება.

გამოფენის თემა, "მოკალი ბუდა!" ტრადიციის, რიტუალის, სტერეოტიპების, ავტორიტეტთან, ძალაუფლებასთან ადამიანის დამოკიდებულების კრიტიკულ კვლევას გულისხმობს და იმ წინააღმდეგობრივი პროცესების წარმოჩენას, რომლებიც პროვოცირებენ ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის მუდმივ კონფლიქტს და დაძაბულობას.

„არტისტერიუმი“ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მოიცავს უცხოელი და ქართველი მხატვრების გამოფენებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „არტისტერიუმი“. „არტისტერიუმი“ რომელიც 2008 წლიდან იმართება და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს, ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში.

სახელწოდება “არტისტერიუმი” იმეორებს თბილისში გასული საუკუნის 10-ან წლებში არსებულ იგივე სახელწოდების არტ-კლუბის სახელწოდებას, რომელიც ცნობილი იყო ინოვაციური გამოფენებით, პოეზიის საღამოებით და დისკუსიებით. სახელწოდებას საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ქართული თანამედროვე ხელოვნების კავშირი თბილისურ მოდერნიზმთან და ამდენად, საკუთარ ფესვებთან.

მე-9 არტისტერიუმის მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფნარგეთი, ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვეიცარია, ინდოეთი, ჩეხეთი, ისრაელი და სამხრეთ კორეა.

გამოფენები მოეწყობა თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“,სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, გალერეაში "კონტეინერი" და გალა გალერეა არტარეას საგამოფენო დარბაზში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...