კუკავა: როგორც მიშას არ გაჰყვნენ პოლიტიკურ საფლავში, ისე შემოეცლება სატელიტები ივანიშვილსაც

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო კომისიას დატოვებენ. იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის ბოიკოტირების საკითხზე შეთანხმება არსებობს.

როგორც კუკავამ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას მცდელობა აქვს ზოგიერთ პარტიას გაურიგდეს, რომ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებაზე უარი თქვას.

„არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ პარტიები კომისიას დატოვებენ, იმის მიუხედავად, რომ ამაზე პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება არსებობს. ხელისუფლება ახლა სწორედ მაგას აკეთებს, რა კითხვასაც თქვენ მისვამთ. ცდილობს, ცალკეული ოპოზიციური პარტიები მოისყიდოს. მე ვფლობ გარკვეულ ინფორმაციებს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კუკავამ.

პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ პარტიები ხელისუფლებასთან გარიგებაზე უარს იტყვიან. ამბობს, რომ ამის რწმენას მას გარემოებები აძლევს, რაც იმაში გამოიხატება, რომ „ქართული ოცნება“ უკვე წარმავალი პოლიტიკური ძალაა და ამას ყველა ხვდება.

„სტრასბურგის სასამართლო შემთხვევით არ მიხსენებია. სტრასბურგის სასამართლო ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა როგორც გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეზე, არამედ მნიშვნელოვანია იმით, რომ სტრასბურგის სასამართლო როდესაც იღებს მსგავს გადაწყვეტილებას, ყველა ხვდება რომ ამ დიქტატორის საქმე წასულია. შეგახსნებთ, რომ როდესაც სტრასბურგმა ასლან აბაშიძესთან, ედუარდ შევარდანაძესთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, მათ ხელისუფლება სულ რამდენიმე თვე შეინარჩუნეს.

ასე, რომ შინაგანად ყველა აცნობიერებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიმავალია. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პროცესი, მეორე საკითხია, მაგრამ ის, რომ ეს წარმავალი რეჟიმია ამას ყველა კარგად აცნობიერებს. როგორც შევარდანაძეს და სააკაშვილს არ გაჰყოლია არავინ პოლიტიკურ საფლავში, რა თქმა უნდა თავისი სატელიტები ივანიშვილსაც შემოეცლება გვერდიდან“, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, რომელიც არ აკონკრეტებს, მისი ინფორმაციით, ვისთან ცდილობს მოლაპარაკების წარმართვას მმართველი გუნდი.

„ეგ რომ დავასახელო ოპოზიციის განხეთქილებას ხელი მე უნდა შევუწყო. თხოვნა მიდის, ეს განცხადება საჯაროდაც გაკეთდა, რომ ოპოზიციამ არ გამოუცხადოს ბოიკოტი საკონსტიტუციო კომისიას. არის ფარული ქმედებებიც. რა თქმა უნდა, ამაში ძირითადად ლიბერალური პარტიები იგულისხმება, თუმცა ამ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე მინიშნებას არ ვაკეთებ“, – განუცხადა კახა კუკავამ „აიპრესს“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად