კუბილიუსი და იუკნევიჩიენე: ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ

ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე, სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული, – ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩენეს ერთობლივ განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ქართული საზოგადოების ყველა წევრს სიმშვიდის, თავშეკავებისკენ მოუწოდებენ და ხაზს უსვამენ, რომ პროვოკაციები არ უნდა მოხდეს.

“საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რაც განსაზღვრავს მის განვითარებას, წარმატებას ან წარუმატებლობას უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ქართველთა უმეტესობამ უკვე მტკიცედ და დიდი ხნის წინ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. ამასთან, მოქმედებს ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ იგი. საქართველოში ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენები, როდესაც 53 ჟურნალისტი სამიზნე გახდა და სცემეს მიტინგზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თბილისის ღირსების მარშს, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა. ჩვენ დაგვამწუხრა ერთ-ერთი დაშავებული მედიის მუშაკის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ. ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე, სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება, რომ არ მოხდეს პროვოკაციები. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა იმუშაოს ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ღირებულებები ევროპული ფასეულობებია და უნდა იყოს დაცული“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის რამდენიმე დღის განმავლობაში „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. 11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

კომენტარები
იტვირთება...