კრემლი: დონბასში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია

კრემლში აცხადებენ, რომ დონბასში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრება სრულიად არასწორია. ამის შესახებ „უნიანი“ წერს.

„ეს სრულიად არასწორი ფორმულირებაა. ასე ამის მიღება არ შეიძლება“, – აცხადებს პესკოვი.

ამასთან, პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლში ნახეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს დილით, დე ფაქტო ლუგანსა და უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ადგილი ჰქონდა შეტაკებას.

„ჩვენ ამ შეტაკებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ, ჩვენ არ ვიცით რა გახდა ამ შეტაკების მაპროვოცირებელი ფაქტორი. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მსხვერპლი ორივე მხარეს იყო, რასთანაც დაკავშირებით მწუხარებას გამოვთქვამთ და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში გაირკვევა მომხდართან დაკავშირებული დეტალები“, – აცხადებს პესკოვი.

დღეს, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციების შტაბის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრორუსულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში იერიში მიიტანეს უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე, რომლებიც დასახლებულ პუნქტებში მდებარეობს.

„ოკუპანტები უტევენ ჩვენს დამცველებს და ამით არღვევენ მინსკის შეთანხმებას. მტერი იყენებს 120 მილიმეტრიან ნაღმტყორცნებს. აგრეთვე, ცეცხლი აქვთ გახსნილი სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან და მძიმე ტყვიამფრქვევებიდან“, – ნათქვამია შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ, თუმცა მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის.

„ეს არ არის უბრალოდ ცინიკური პროვოკაცია, რომლის მიზანსაც დებალცევის ჭრილობაზე ფეხის დაჭერა წარმოადგენს და რომელიც ბოლომდე არასდროს მოშუშდება. ეს არის დონბასში მშვიდობიანი პროცესის ჩაშლის მცდელობა, იმ პროცესისა, რომელმაც მართალია მცირე, მაგრამ შეუჩერებელი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი თავის Facebook-ზე მომხდართან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად