კრამონი: ნიკა მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნა მიღწეული

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რაც მხარეებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს და ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს საქართველოში. დანარჩენი ოპოზიცია მიწვეულია შეთანხმებაში შესასვლელად, “- წერს ევროპარლამენტარი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება ბ-ნ მელიას სასარგებლოდ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით:
დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...