კოჟორიძე: დიდი ალბათობით კადრების გავრცელება გავლენიანი პირის გადაწყვეტილებაა

იურისტი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ დიდი ალბათობით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება გავლენიანი პირ(ებ)ის სახელს უკავშირდება. მისი თქმით, ის არ ამბობს, რომ ის მაინცდამაინც ხელისუფლების მაღალჩინოსანის სახელს უკავშირდება.

როგორც კახა კოჟორიძემ „აიპრესთან“ თქვა, წინა ხელისუფლებამ ამ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა იმ თვალსაზრისით, რომ დაახლოებით 25 000 ამ შინაარსის ვიდეოჩანაწერია გაკეთებული. კოჟორიძეს აინტერესებს სად არის გამოძიება. იურისტი ამბობს, რომ დაუსჯელობის სინდრომი ასეთი დანაშაულების პრევენციას ვერ ახდენს.

„ეს არის ძალიან სამარცხვინო საქციელი და ეს ხელს გვიშლის. პირველ რიგში იმ ადამიანის უფლებებზე უნდა ვისაუბროთ, ვისაც ეხება აღნიშნული ჩანაწერების გავრცელება. მეორე რიგში თითოეული ჩვენთაგანის უფლებაზე უნდა ვისაუბროთ. იმიტომ, რომ ჩვენი მიზანია ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ვიმსჯელებთ ჩვენი ცხოვრების განვითარების საკითხებზე და არა იმაზე, ვის რომელი ჩანაწერი რა დროს შეუქმნეს და გაუვრცელეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეთანხმდეს ამ საზოგადოებაში ყველა, რომ მსგავსი ბინძური მეთოდებით დაუშვებელია ბრძოლა. ვერ მიაღწევ ვერანაირ სწორ შედეგს ამ მეთოდით.

როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ქართულ ოცნებას მემკვიდრეობით ერგო დაახლოებით 25 000 ჩანაწერი. არ გვაქვს ილუზია, რომ ეს ფარული ჩანაწერები ერთმა ადამიანმა ან ერთმა განყოფილებამ გააკეთა საკუთარი გადაწყვეტილებით. არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი ალბათობით ეს იყო მაღალი პოლიტიკური პირების დაკვეთით განხორციელებული ქმედება. 25 000 ჩანაწერის გაკეთება სისტემურ დანაშაულზე მიუთითებს. არ ვიცით, ვინ იყვნენ ამის ორგანიზატორები და შემსრულებლები. სად არის გამოძიება? ჩვენ არ გვინახავს დასჯილი ადამიანები, მაგრამ სავარაუდოდ ასეთი ადამიანები სავარაუდოდ ისევ არიან მაღალ თანამდებობეზე სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებში, რაც რა თქმა უნდა პრობლემური“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კითხვაზე, დაუსჯელობის განცდა აჩენს რისკს, რომ ასეთი ჩანაწერები კიდევ გავრცელდეს? – პასუხობს, რომ ცხადია.

„ნებისმიერი დანაშაულის პრევენცია რომ მოხდეს საჭიროა სწორი სამართლებრივი რეაგირება. დამნაშავის დასჯა ყველაზე საუკეთესო პრევენციაა, რათა მომავალში დანაშაული აღარ იყოს ჩადენილი. მე არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსების თუ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება შეიძლება იყოს რომელიმე რიგითი მოქალაქის ან რიგითი თანამდებობის პირის გადაწყვეტილება. ეს ჩემი ვარაუდია. არ ვამბობ, რომ აუცილებლად ხელისუფლების წარმომადგენელია, მაგრამ რიგითი ადამიანი რომ არ იქნება, ამის ვარაუდი მაქვს. ეს შეიძლება იყოს გავლენიანი პირი”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...