“კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს და 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილს იკავებს

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ( Transparency International) მიერ შედგენილ 2019 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით, საქართველომ 44-ე ადგილი დაიკავა.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაცია მსოფლიოში კორუფციის პრობლემას ეხება. ამ მონაცემების მიხედვით, 2019 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობის” რეიტინგში საქართველოს 100 შესაძლო ქულიდან 56 აქვს.

2018 წელს საქართველოს “კორუფციის აღქმის ინდექსში” 180 ქვეყანას შორის 58 ქულა ჰქონდა და 41-44-ე ადგილებს იყოფდა ლატვიასთან, ესპანეთთან, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებთან.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ( Transparency International)  შეფასებით, “კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით, 2019 წლის რეიტინგში პირველი ადგილი ეკუთვნის ახალ ზელანდიას, შემდეგ დანიას (ორივეს 87 ქულა აქვს). ფინეთი ტოპ სამეულში (86 ქულა). 180 ქვეყანას შორის ბოლო ადგილებზე არის სომალი (9 ქულა), სამხრეთ სუდანი (12 ქულა) და სირია (13 ქულა).

ამ რეიტინგში ქულათა მაქსიმალური რაოდენობა ნიშნავს კორუფციის აღქმის მინიმალურ დონეს, ხოლო ქულათა მინიმალური რაოდენობა – აღქმის მაქსიმალურ დონეს.

აღნიშნული რეიტინგი 1995 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. რეიტინგი მსოფლიოს ბიზნესმენების და ექსპერტების კვლევებს ეყრდნობა. 2019 წელს “კორუფციის აღქმის ინდექსის” შედგენის მიზნით, 13 კვლევა ჩატარდა.

მოამზადა თაკო ჩხაიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად