“კორცხელის საქმეზე” დღეს ზუგდიდში 10 მოწმე დაიკითხა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დღეს ათი მოწმე დაიკითხა. მათ შორის ჟურნალისტები, გამომძიებლები და საჯარო მოხელე. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსის მერი შენგელაიას თქმით, ფიზიკური დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, კონკრეტულად კი, ნიკა მელიას რეპლიკებმა გამოიწვია.

“გავიგე, როგორ შეაგინა ნიკა მელიამ მათ, ვინც 41-ის შემოხაზვას აპირებდა. ასევე ვნახე, როგორ ურტყამდა ნაციონალების მხარდამჭერი ხელკეტს ერთ-ერთ პირს. ამ ყველაფერმა ხალხის გაღიზიანება გამოიწვია“, – თქვა შენგელაიამ.

თავად არ გაუგია, თუმცა შუალედურ არჩევნებზე კორცხელის მაჟორიატრაი ამირან ლაგვილავა ამბობს, რომ სხვებისგან მოისმინა, როგორ აგინებდა მელია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.

პროცესზე ასევე დაიკითხა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის პრესსამსახურის ყოფილი უფროს სალომე მაქაცარია. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან გინება არ გაუგია. მან პროცესზე რამდენიმე ბრალდებული ამოიცნო. ამასთან, დასძინა, რომ ერთ-ერთი მათგანი გადაღების შემთხვევაში კამერის დამტვრევით დაემუქრა.

“ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გიგა ლუკავა სკოლის ჭიშკართან იდგა სპორტსმენებთან ერთად და მითხრა, ისედაც გაღიზიანებულები არიან და ნუ გადაიღებო“, – აღნიშნა მაქაცარიამ.

პროცესზე დაკითხული პოლიციელის ლაშა კვარაცხელიას განმარტებით კი, ადგილზე 8-9 პოლიციელი იმყოფებოდა, რომლებიც დაპირისპირებულებს სიმშვიდისკენ მოუწოდებნენ.

„უკონტროლო სიტუაცია იყო, შუაში ვიდექით, ვაშველებით, მაგრამ არ მოგვისმინეს. რაც შეეხება კითხვას, რატომ არ დავაკავეთ ადგილზე მონაწილე პირები, ფიზიკურად ვერ გავწვდებოდით. რაც შემეხება მე, წავბორძიკდი, წავიქეცი და თანამშრომლებმა ჯერ მანქანში, შემდეგ კი სავადმყოფოში გადამიყვანეს“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.

მათ გარდა პროცესზე ექსპერტი, გამომძიებლები და ერთი ჟურნალისტი დაიკითხნენ.

მომდევნო სასამართლო პროცესი მოსამართლე შოთა ბიჭიამ 15 ნოემბერს ჩანიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად