კორონავირუსის გამო ირანთან სახმელეთო საზღვარი მხოლოდ აზერბაიჯანს არ ჩაუკეტავს

აზერბაიჯანი ირანის ერთადერთი მეზობელია, რომელსაც ირანიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მასთან სახმელეთო საზღვარი არ ჩაუკეტავს.

დღეს ირანის ხელისუფლებამ კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, გარდაცვლილი სამი ქალიდან ერთი, 87 წლის ასაკის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების, ღვიძლის და თირკმელების დაავადებებითაც იყო ავად, ორი სხვა კი აგრეთვე არის ხანშიშესული ასაკის. მეოთხე გარდაცვლილი, 82 წლის მამაკაცი, აგრეთვე იყო დაავადებული სისხლის გულ-სისხლძართვთა სისტემის დაავადებებითაც.

ამ დროისთვის ირანში კორონავირუსით 16 ადამიანია გარდაცვლილი, რაც ჩინეთის გარეთ კორონავირუსისგან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ხალხისთვის უფრო უსაფრთხო სახლში დარჩენაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 16 ქალაქ ყუმში”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კიანუშ ჯახანპურმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას.

ირანის ჯანმრთელობის სამინისტროს ცნობით, ამჟამად ირანში კორონავირუსით ინფიცირება 95 კაცს აქვს დადასტურებული.

კორონავირუსის აფეთქება ირანის აქამდე ისედაც არსებული იზოლაციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების დიდ საშიშროებას ჰქმნის. რამდენიმე ქვეყანამ ირანთან საჰაერო მიმოსვლა მას შემდეგ შეაჩერა, რაც კანადაში, ლიბანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ავღანეთში და ერაყში დადასტურდა კორონავირუსით ირანში ნამყოფ მოგზაურთა დაინფიცირება. მოგვიანებით კუვეიტმა და ბაჰრეინმა განაცხადეს კორონავირუსით ინფიცირებულების ირანთან კავშირის შესახებ.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა ირანიდან და ირანში ყველა რეისი, გარდა თეირანისა, შეაჩერა. ომანის ქალაქ ხასაბის პორტმა შეაჩერა ირანში და ირანიდან საქონლის შეტანა.

ირანის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა – თურქმენეთმა, ავღანეთმა, პაკისტანმა, ერაყმა, თურქეთმა და სომხეთმა ირანთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტეს.

ამ დროისთვის აზერბაიჯანი ირანთან სახმელეთო საზღვრის მქონე ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მასთან საზღვარი არ ჩაუკეტავს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად