“კორონავირუსი ერთად გავაგდოთ და  ეს მატჩი მოვიგოთ”-ზლატანის კამპანია COVID-19-ის წინააღმდეგ

ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაგიმოვიჩი, რომელიც “მილანის” რიგებს ამ ზამთარს შეუერთდა კორონავირუსის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს და კლინიკების შესაგროვებლად თანხის შეგროვება წამოიწყო.

თავდამსხმელმა თავად 100 000 ევრო გაიღო და მოუწოდა კოლეგებსა და სხვა სპორტსმენებს, რომ მის აქციას შეუერთდნენ.

ზლატან იბრაგიმოვიჩმა პოსტი Instagram-ში გამოაქვეყნა და თან ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

“იტალიამ ბევრი რამ მომცა, ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს და მინდა, რომ ამ დრამატულ მომენტში ვკონცენტრირდე, დავეხმარო და უფრო მეტი დავუბრუნო მას. გადავწყვიტე კლინიკებისთვის ფინანსების მოძიება დავიწყო და მიზნის მისაღწევად ჩემი კავშირები გამოვიყენო. სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ და კონკრეტული ნაბიჯები გვჭირდება. მხოლოდ ვიდეოები ვერაფერს შეცვლის.

ჩემი კოლეგების, სპორტსმენების და ყველა იმ ადამიანის იმედი მაქვს, ვისაც სურს პატარა ან დიდი შემოწირულობა განახორციელოს, რათა კორონავირუსი გავაგდოთ.  ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ კლინიკებს, ექიმებსა და მედდებს, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად დაუღალავად შრომობენ. მოდით, კორონავირუსი ერთად გავაგდოთ და ეს მატჩი მოვიგოთ. დაიმახსოვრეთ: თუ ვირუსი არ მიდის ზლატანთან, მაშინ ზლატანი მივა ვირუსთან“, – ამბობს ზლატანი.

შეგახსენებთ, იტალიაში კორონავირუსთან ბრძოლის კამპანია ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომაც წამოიწყო, რომელმაც კამპანია 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონებთან ერთად წამოიწყო. იქამდე კი ქველმოქმედებისთვის იტალიის ეროვნული ნაკრების მოქმედმა წევრმა და “ნაპოლის” კაპიტანმა ლორენცო ინსინემ 100 000 ევრო გაიღო.

მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იტალიაშია. ამ მომენტისთვის ქვეყანაში 15 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით ინფიცირების 35713 შემთხვევაა დაფიქსირებული. სულ კი კორონავირუსით გარდაცვალების 2978 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად