კორნელი კაკაჩია: დასავლეთი გახარიას პარტიას ჯერჯერობით აკვირდება

დასავლეთი გახარიას პარტიას ჯერჯერობით აკვირდება. თუ მეორეჯერაც დააფიქსირა მან კარგი შედეგი და გახდა ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მერე შეიძლება გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმოს მის პარტიას, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ თქვა, რომლის სრულ ვერსიასაც ცოტა ხანში შემოგთავაზებთ:

_ გახარიას როლს როგორ უყურებენ დასავლეთში? ამ პოლარიზაციის ფონზე ის ე. წ. შუაშისტის როლს თამაშობს. დასავლეთში დებენ მასზე ფსონს?

_ ჯერჯერობით მის პარტიას არ აქვს ისეთი კონტაქტები დასავლეთში, რომ მან სერიოზული რეზონანსი გამოიწვიოს. მას აქვს ახლადშექმნილი პარტია და ჯერჯერობით დაკვირვების რეჟიმშია. ბევრი ელოდა, ორნიშნა ციფრს დადებდა ამ არჩევნებში. ეს ვერ მოხდა სხვადასხვა მიზეზის გამო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება ის თუ როგორ მოახერხებს შეინარჩუნოს ეს პოზიცია შემდეგ არჩევნებზე და რამდენად მოახერხებს მისი პარტია საკუთარი პოზიციის კონსოლიდაციას მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს იქნება მნიშვნელოვანი. თუ მეორეჯერაც დააფიქსირა მან კარგი შედეგი და გახდა ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მერე შეიძლება გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმოს მის პარტიას და მის ფაქტორს. ამ ეტაპზე ჯერ ეს არ ჩანს. მართალია მესამე ადგილი ცუდი არ არის, მაგრამ ჯერ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან „ოცნება“ უმრავლესობას მეტ-ნაკლებად ისევ ინარჩუნებს საკრებულოებში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...