კორძაია: სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანი იყო, ვინც შოთაძის გადადგომას ითხოვდა

სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანი იყო, ვინც შოთაძის გადადგომას ითხოვდა, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ “ტვ პირელის” ეთერში ირაკლი შოთაძის საკითხზე განაცხადა, რომელიც გენერალური პროკურორობის კანდიდატია, მაშინ როდესაც ის უკვე იკავებდა ამ თანამდებობას და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო პოსტი დატოვა.

კორძაია ამბობს, რომ ივანიშვილი საზოგადოებას დასცინის და დამნაშავე თანამდებობის პირებს აწინაურებს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილს რეალურად არაფერი არ აინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ არც საკუთარ სახელზე ზრუნავს. მას შეუძლია წარუმატებელი სახელით წასული მინისტრები დააბრუნოს და მას შეუძლია შოთაძე დააბრუნოს, რომელიც გადაყვა ხორავას ქუჩის საქმეს და გადაყვა საგამოძიებო კომისიის მიერ დაწერილ დასკვნას. ალბათ გახსოვთ, რომ ამ საგამოძიებო კომისიაში იყო სალომე ზურაბიშვილი. ის ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანი იყო, რომელიც ითხოვდა შოთაძის გადაყენებას. მისი არგუმენტი სხვა იყო – ის ამბობდა, რომ ძველი კადრები არიან დარჩენილები და პროკურატურა უნდა გაიწმინდოს. შოთაძეს ალბათ ძველ კადრად მოიაზრებდა – ნაციონალური მოძრაობის კადრად, მაგრამ არსებითი არ არის. უბრალოდ, სიმპტომატური არის ერთი რამე ივანიშვილის გადაწყვეტილებებში. ის დასცინის საკუთარ მოქალაქეებს, იმიტომ, რომ იღებს გადაწყვეტილებებს და აღზევებს, აწინაურებს დამნაშავე თანამდებობის პირებს. გახარია არის ამის პირველი და ძალიან თვალსაჩინო მაგალითი, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა. გახარია არის დამნაშავე 20 ივნისის საქმეში და შოთაძესაც აქვს დამნაშავის სახელი ხორავას ქუჩის საქმეში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად