კოპალიანი: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს ვუჭერ, ხალხს არ უნდა ის, რასაც ოპოზიცია სთავაზობს

“სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს ვუჭერ. ხალხის იმედი გვაქვს. გვჯერა, რომ ხალხს არ უნდა ის, რასაც ოპოზიცია სთავაზობს”. ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი უმრავლესობის წევრი მაჟორიტარების ინიციატივას, 2024 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

როგორც კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს მაჟორიტარული სისტემა და მხოლოდ პროპორციულზე არ უნდა იყოს „ჩაციკლული”.

“ბოლო პერიოდში იყო საუბრები, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების თარიღი გადმოგვეწია 2020 წლისთვის და ამაში გასაკვირი არაფერი არ იყო. მაშინ რატომ ჩნდება კითხვები, რომ 2024 წლისთვის განვიხილოთ სხვა საარჩევნო სისტემა? პოლიტიკური ცხოვრება სწორედ ამას ნიშნავს და არა იმას, რომ 200 – მა კაცმა რაღაც მოითხოვოს და იმ გზით იაროს ქვეყანამ,”- განაცხადა კარლო კოპალიანმა.

კითხვაზე, თუკი საპარლამენტო უმრავლესობა და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა, რატომ აქვთ მაჟორიტარებს მათი ინიციატივის დამტკიცების იმედი, დეპუტატმა განმარტა, რომ მათ ხალხის იმედი აქვთ.

კითხვაზე, თუკი მაჟორიტარული სისტემის მომხრეა, რატომ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2024 წლიდან ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის, კარლო კოპალიანმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კარგი იყო და მხარიც ამიტომ დაუჭირა.

ცნობისათვის: დიმიტრი ხუნდაძე და კიდევ 9 მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში მაინც დაარეგისტრირებენ. მაჟორიტარები მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას უკვე იწყებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად