კოპალიანი “ენმ”-ზე: ვიცი, რომ ჭავჭავაძეები და ჯავახიშვილები არ ჰყავთ მათ სიაში, მაგრამ ბასიშვილის გარდა, იქ სხვებიც არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კარლო კოპალიანის აღშფოთება გამოწვია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხის განხილვამ.

“რაც ამ წუთას ამ დარბაზში ხდება არის ჩვენი შეურაცხყოფა და თუნდაც იმ ინსტიტუციის შეურაცხყოფა, რასაც პარლამენტი ჰქვია. ადამიანები არ შემობრძანდნენ, არ იკადრეს, რადგან იციან რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავხადოთ პარლამენტარი მათი პარტიის წევრი.

ვიცი, რომ ჭავჭავააძეები და ჯავახიშვილები არ ჰყავთ მათ სიაში, მაგრამ სია იმას ნიშნავს, რომ ბასიშვილის გარდა, იქ სხვებიც არიან, კეთილი ენებათ და სხვა წარმოედგინათ. თქვენი ლოგიკით აუცილებლად უნდა შეგვეწყვიტა უფლებამოსილება ნიკანორ მელიასთვის, მაგრამ დღის წესრიგში დადგა? ხომ იყო მსჯელობის საგანი და ასეა ეს საკითხიც.

ამ ადამიანის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა აუცილებელი არ არის” მიმართა კარლო კოპალიანმა პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილს, რომელმაც აღნიშნული საკითხი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განსახილველად გამოიტანა.

კოლეგებმა კარლო კოპალიანს განუმარტეს, რომ პარლამენტი აღნიშნული საკითხის განხილვის გარეშე, სხვა საკითხების განხილვას და კენჭისყრების ჩატარებას ვერ მოახერხებს, უმრავლესობა კი, გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას და ის იძულებულია დაიცვას კანონის მოთხოვნები.

შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის მუშაობის ბოიკოტს გამო, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვაში არ მონაწილეობს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს, მის მიერვე ნომინირებული კანდიდატის მხარდაჭერაში მონაწილეობა მიიღოს.

„საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვმართავს, რომ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც განიხილება მათი პარტიული სიით ადგილმონაცვლის დამტკიცების საკითხი, არ ესწრებიან სხდომას. ისინი თავადვე აცხადებენ უარს, რომ თავიანთი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში, ანუ მის მხარდაჭერაში მონაწილეობა მიიღონ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისათვის: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად