კონსერვატორია ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნულ კონკურსს უმასპინძლებს

2 ივნისს 12:00 / 15:00 და 18:00 თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში გაიმართება საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კონკურსი.
ღონისძიება იმართება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ ფარგლებში.

კონკურსი შემუშავებულია ევროპული სტანდარტების მიხედვით და იგი ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს საგუნდო საზოგადოება. პროექტის მიზანია:  აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია; ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა,  ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია; ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და მონიტორინგი.

პროექტი ხორციელდება 3 კატეგორიაში: A კატეგორია – აკადემიური საგუნდო სიმღერა; B კატეგორია – ქართული ხალხური სიმღერა; C კატეგორია – ქართული გალობა.

წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრებად აკადემიური საგუნდო სიმღერის კატეგორიაში მოწვეული გახლდათ: რომანს ვანაგსი – მსოფლიო საგუნდო ასოციაცია INTERCULTUR -ის სამხატვრო ხელ-ლი, ლატვიის მუსიკის აკადემიის პროფესორი, დირიჟორი, ლატვიის სიმღერის ფესტივალის სამხატვრო ხელ-ლი, რიგის ბიჭუნათა გუნდის ხელ-ლი, უნივერსიტეტის ქალთა გუნდის ხელ-ლი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და ჟიურის წევრი; ტომას კაპტენი – ესტონეთის მუსიკის აკადემიის პროფესორი, დირიჟორი, კომპოზიტორი, რამდენიმე საგუნდო კოლექტივის ხელ-ლი ესტონეთსა და ფინეთში, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და ჟიურის წევრი; მარტა კიერსკა-ვიჩაკი – ვროცლავის მუსიკალური აკადემიის პროფესორი, დირიჟორი, ვროცლავის უნივერსიტეტის კამერული გუნდის CONSONANZA სამხატვრო ხელ-ლი და დირიჟორი, პოლონეთის საგუნდო დირიჟორების საერთაშორისო კონკურსის “Towards Polyphony“ ჟიურის წევრი და დირექტორი.

B და C კატეგორია / ჟიურის წევრები: ნანა ვალიშვილი – ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის
სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი; თეა კასაბური – ფოლკ. სახ. ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების კოორდინატორი; ნუნუკა შველიძე – ეთნომუსიკოლოგი, ფოლკ. სახ. ცენტრის არქივის კოორდინატორი კონკურსი მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.

კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, ფონდი „ქართული გალობა“, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტმა საგუნდო კოლექტივმა / 5 000-მდე მონაწილე / – სამუსიკო, სახელოვნები, საჯარო, საავტორო, კერძო, ფოლკლორის, სალოტბარო და სამგალობლო სკოლებიდან; კულტურისა და მოსწავლე- ახალგაზრდობის ცენტრებიდან; პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებიდან. თითოეულ კატეგორიაში (A, B, C) გაიცა ერთი გრან-პრი. განაწილდება ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საპრიზო ადგილები, პრემიები კატეგორიების, ქვეკატეგორიებისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში. შედეგების შესაბამისი დიპლომები გადაეცემა საშემსრულებლო კოლექტივის თითოეულ მონაწილეს. კონკურსის გამარჯვებული 132 მონაწილე (13-19 წელი) გაემგზავრება მომავლის ბანაკში (ა/წ 21-25 ივლისი შაორის წყალსაცავი) პროექტის „ახალგაზრა ხელოვანი“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...